მთავარისაქართველოვის შეუძლია დახმარება

ვის შეუძლია დახმარება

უკვე სამი წელია, რაც ნინი ველოსიპედს ქალაქში გადასაადგილებლად იყენებს. 3 წლის წინ კავკასიის ველოქსელის მიერ ორგანიზებულ ველოსიპედისტების მსვლელობას შეუერთდა, ბევრი მოყვარული გაიცნო და მასაც გაუჩნდა სურვილი, რომ ველოსიპედით ემოძრავა. ნინი ამბობს, რომ მიუხედავად ველობილიკებისა, თბილისში ბევრ დაბრკოლებას აწყდება. ხშირად სპეციალურად ველოსიპედისთვის გამოყოფილ ბილიკზე ფეხით მოსიარულეები დადიან, ან ავტომობილი დგას ხოლმე. ნინის მანამდეც უნდოდა, პირველადი დახმარება ესწავლა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ველობილიკებზე შესაძლო საფრთხე დაინახა, გადაწყვიტა ველოსიპედისტებისთვის განკუთვნილ პირველადი დახმარების ტრენინგზე მისულიყო, რომელიც ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში ამერიკულ ჰოსპიტალში ჩატარდა.

„ყველამ უნდა გაიაროს ეს კურსი, არ აქვს მნიშვნელობა ველოსიპედზე ზიხარ, მანქანაზე, თუ არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობ, ყველა შეიძლება ჩავვარდეთ იმ სიტუაციაში, როცა ქუჩაში მივდივართ და ადამიანს დახმარება სჭირდება და არ ვიცით, რა გავაკეთოთ და მე თვითონ ძალიან ხშირად ვყოფილვარ ამ შემთხვევაში და ძალიან მინდოდა, რომ მცოდნოდა მართლა როგორ დავხმარებოდი და პირველი მოტივაცია ჩემთვის ეს იყო, რომ თუ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდები, მინდა ვიცოდე, რა გავაკეთო, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო“ , – ამბობს ტრენინგის მონაწილე და ველომოყვარული ნინი მაჭავარიანი. 

ტრენინგს რამდენიმე ველომოყვარული ესწრებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია იცოდნენ პირველადი დახმარების გაწევა იმისთვის, რომ თუ რამე მოხდა, მათ თანაგუნდელს დაეხმარონ ველომსვლელობის დროს, სანამ სასწრაფო დანიშნულების ადგილზე მივა.

„ როდესაც გააზიარეს, რომ ასეთი შეხვედრა, პირველადი დახმარების პატარა ტრენინგი ტარდებოდა, დავინტერესდი, იმიტომ რომ ძალიან საჭიროა. ვფიქრობ, რომ პერიოდულად უნდა ტარდებოდეს. როდესაც ლაშქრობაში ან ველოთი საკმაოდ სახიფათო ადგილების მონახულება გვიწევს, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტრენინგი გავლილი გქონდეს და იცოდე, როგორ დაეხმარო დაზარალებულს” , – გვიყვება ქეთი ჯანჯიბუხაშვილი, ტრენინგის მონაწილე და ველომოყვარული. 

 “კავკასიის ველოქსელის” წარმომადგენელი მარ მიხელიძე ამბობს, რომ ველოტური, ხშირად ისეთ ადგილებში ტარდება, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანით მისვლისა  ან ნებისმიერი, სამედიცინო დახმარების მიღება რთულია, მისი თქმით, იმ ადგილებში ზოგჯერ ტელეფონიც კი არ იჭერს.

„ხანდახან ვმართავთ შეჯიბრებებს, რომელიც დაკავშირებულია რაღაც რისკებთან, საგზატკეცილო თავის რისკებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ მანქანები შეიძლება შეგვხვდეს გზაზე, სამთოს თავისი რისკები აქვს, იმიტომ რომ სახიფათო შეიძლება იყოს დაშვება, ან ერთმანეთს დაეჯახონ, ან იყოს ქვა ან რაიმე დაბრკოლება, რამაც შეიძლება ცუდი შედეგი გამოიწვიოს. მოკლედ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევაა, რომ დაგჭირდეს ის უნარები და ის ცოდნა, რაც მივიღეთ ტრენინგზე. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ველოსიპედისტებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად ეფაროთ ჩაფხუტი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ტრავმამდე იყვნენ დაცული“ , – ამბობს “კავკასიის ველოქსელის” წარმომადგენელი მარ მიხელიძე. 

პირველადი დახმარების ტრენინგს, ამერიკული ჰოსპიტლის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე და ამავე ჰოსპიტლის პედიატრი მარია ლიპკა უძღვებოდნენ.

„ ჩვენ რომ დავდივართ ველომსვლელობებზე ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ხდება მცირე ან ცოტა დიდი სხეულის დაზიანებები და ამ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია, რომ ჩავატაროთ პირველადი დახმარების კურსი, თან გულ-ფილტვის რეანიმაცია, ზოგადად გულ-ფილტვის რეანიმაცია რთული არ არის, ეს არის აბსოლუტურად საბაზისო პრინციპი, ამიტომ ჰქვია Basic life support, ტარდება ნებისმიერ ადგილას ქუჩაშიც, სკოლაშიც, ტრანსპორტშიც და ამიტომ მე ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, მინიმუმ რამდენიმე წელიწადში ერთხელ აუცილებელია და თან სავალდებულოა ასეთი კურსის გავლა” , – გვეუბნება პედიატრი მარია ლიპკა. 

ტრენინგზე ისწავლეს გადაუდებელი დახმარება, გულისა და სუნთქვის გაჩერების დროს, სისხლდენისა და ტრავმების დროს.  ასევე ის, თუ როგორ უნდა აღადგინონ გულის მუშაობა სანამ სასწრაფო მოვა, და  როგორ უნდა მიიყვანონ საავადმყოფოში დაზარალებული ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს.

„ თუ შევაფასებთ, რომ საფრთხე შენ თვითონ არ გემუქრება, მაშინ პირველ რიგში ვუსინჯავთ პულსს და შემდეგ ვიწყებთ, გულმკერდზე ზეწოლას თუ პულსი არ არის. ეს არის მთელი ალგორითმი უგონოდ მყოფი დაზარალებულისათვის. როგორც ამერიკის გულის ასოციაცია გვეუბნება, 30 ზეწოლა და შემდეგ ორი ჩასუნთქვაა საჭირო, სანამ სასწრაფო არ მოვა მანამდე. ერთ მაშველს ვინც გულზე ზეწოლას აკეთებს, შეუძლია, რომ ორი წუთის განმავლობაში აკეთოს ზეწოლა, შემდეგ უნდა შეიცვალონ, ვინც ჩასუნთქვას აკეთებს და ვინც გულზე ზეწოლას, შემდეგ ისევ უნდა შეიცვალონ იმიტომ, რომ ფიქრობენ, 2 წუთის შემდეგ უკვე არაეფექტურია ზეწოლის გაკეთება, რომელსაც ორი წუთის განმავლობაში აკეთებს ერთი პიროვნება. ამიტომ საკმაოდ ძნელია ამ სისტემის გაკეთება, მაგრამ სწავლადია, ჩემი რეკომენდაციაა, რომ ყველამ ისწავლოს ზეწოლა და მაშინ შიშიც არ იქნება“, –  ამბობს კახა ჩიხრაძე, ამერიკული ჰოსპიტლის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი.

ველომოყვარული ნინი მაჭავარიანი თითქმის ყოველდღიურად ველოსიპედით გადაადგილდება, ტრენინგი გაიარა და ამბობს, რომ პირველადი დახმარების ცოდნა ყველას სჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend