კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში რამდენიმე გარდამტეხი მოვლენაა, ერთერთი გახლავთ 1815 წლის ვენის კონგრესი, რომელმაც ნაპოლეონის დამარცხების შედეგად შექმნილი მსოფლიო წესრიგი განსაზღვრა, 130 წლის შემდეგ კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელ ქარტიას მოეწერა ხელი. გაერო მესამე რაიხისა და იაპონიის იმპერიის ნანგრევებზე დაარსდა.
ამჟამად გაერთიანებული ერების რიგებში 193 წევრი სახელმწიფოა, ორგანიზაციას კი 5 ძირითადი უწყება აქვს: უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და ბოლოს გაეროს სამდივნო.
გაეროს უშიშროების საბჭოში 5 მუდმივი წევრია, გენერალური ასამბლეა ორი წლის ვადით უშიშროების საბჭოს 10 სხვა არა მუდმივ წევრ სახელმწიფოს ირჩევს.
უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული 5 სახელმწიფოა.
ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო თვალსაზრისით ამ 5 სახელმწიფოს შორის ლიდერია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კი ის სახელმწიფოა, რომელიც მეტად სავარაუდოა, რომ ვაშინგტონის მთავარი კონკურენტი იქნება ისტორიის ამ თავში. საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო სუეცის კრიზისის შემდეგ ნაკლებად ამბიციურები არიან ვაშინგტონსა და პეკინთან შედარებით, რაც შეეხება მოსკოვს, კრემლი უკვე თითქმის ორი წელიწადია, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომის შემოქმედია.
გაერთიანებული ერების რიგით 78-ე გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც დღეს დასრულდა, რიგმა სახელმწიფოების ლიდერებმა უშიშროების საბჭოს რეფორმირებისა და საბჭოში დამატებითი მუდმივი წევრების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ევროპაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა და პარიზის მხარდამხარ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ბირთვს წარმოადგენს, ტოკიოში კი მიაჩნიათ, რომ იმ ეკონომიკური ინვესტიციის გათვალისწინებით, რომელსაც იაპონია გაეროსთვის არ ინანებს, ამომავალი მზის ქვეყანა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობას იმსახურებს. ინდოეთი დედამიწის ზურგზე ყველაზე მრავალრიცხოვანი დემოკრატიაა და ამ სახელმწიფოს ეკონომიკური, სამხედრო და დემოგრაფიული მონაცემები იძლევა ამბიციის საფუძველს, რომ ინდოეთიც შეუერთდეს გაეროს უშიშროების საბჭოს როგორც მუდმივი წევრი სახელმწიფო. ჩამოთვლილ 4 სახელმწიფოს შორის ინდოეთი ერთადერთია, რომელსაც ბირთვული შეიარაღება აქვს და ბოლოს ბრაზილია, სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც მიაჩნიათ, რომ უშიშროების საბჭოს რეფორმირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობისთვის გადამწყვეტია.
გამოწვევების მიუხედავად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რჩება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სახელმწიფოს შორის დავის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთერთ მთავარ ინსტრუმენტად.