საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობა, მზარდი ფასები და განათლებაა. სწორედ ახალგაზრდა თაობის პრობლემებზე, იმაზე თუ რას ფიქრობენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე, როგორია მათი ღირებულებები, ისაუბრეს ახალგაზრდობის კვლევის წარდგენაზე, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდმა ჩაატარა. მომხსენებლებმა თქვეს, რომ კვლევის პროცესში გამოიკვეთა ბევრი საინტერესო მიგნება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დაანახა მათ ის საჭიროებები, რაც ქართველ ახალგაზრდებს აწუხებთ. კვლევის ავტორის თქმით, ჯამში 1200-ზე მეტი ახალგაზრდა გამოიკითხა, როგორც დედაქალაქიდან ასევე რეგიონებიდანაც. გამონაკლისი იყო ოკუპირებული ტერიტორიები.
„ კვლევის დროს განხილული იყო საკითხები საგარეო პოლიტიკის თემებთან დაკავშირებით, დაისვა კითხვები, რომლებიც ეხებოდა რომელი ქვეყნები ან ქვეყანათა რომელი ჯგუფი არის უფრო მეტად საქართველოსთვის ხელსაყრელი, რომ გვქონდეს მათთან სავაჭრო ურთიერთობა, პოლიტიკურ-კულტურული გაცვლითი ურთიერთობები, აქ ევროპული ქვეყნები და აშშ დასახელდა როგორც ყველაზე მეტად სასურველი ქვეყნები. აგრეთვე, დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყანა ან ქვეყანათა ჯგუფი არის საფრთხის შემცველი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და კულტურული და ღირებულებითი განვითარებისთვის, ამ შემთხვევაში პირველობა არ დაუთმო რუსეთმა არავის, რუსეთი სახელდებოდა ყველაზე ხშირად როგორც საფრთხის შემცველი ქვეყანა ურთიერთობების კუთხით“, – ამბობს რატი შუბლაძე, კვლევის ავტორი.
კვლევის მიხედვით დადგინდა,რომ საქართველოში ახალგაზრდების 58% არ მუშაობს, ნახევარზე მეტი კი არ სწავლობს, რაც ავტორთა შეფასებით, 14-29 წლის ახალგაზრდებში მაღალი მაჩვენებელია, სოფლის ტიპის დასახლებებში ეს პრობლემა უფრო მძაფრია ვიდრე ქალაქებში.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული დირექტორი მარსელ როთიგი ამბობს, რომ აუცილებელია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.
„წელს პირველად შევისწავლეთ ის თაობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიბადა, ამ ახალგაზრდებს საქართველო მხოლოდ ისეთი ახსოვთ, როგორიც დღეს არის. მათ არ ახსოვთ სამოქალაქო ომი და სიღარიბე 90-იან წლებში, ეს არის განათლებული თაობა, რომელიც მიჩვეულია მოგზაურობას და სწავლობს უცხო ენებს. ცხადია, მათი სურვილები განსხვავდება წინა თაობებისგან, მათ საკუთარი ოცნებების ასრულება სურთ, მთავარი გამოწვევა სამსახურის პოვნაა, ადამიანებს უჭირთ სკოლებისა და უნივერსიტეტების დატოვების შემდეგ კარგად ანაზღაურებადი, სტაბილური სამუშაოს პოვნა. პოლიტიკოსებს მოუწევთ ამ საკითხზე მუშაობა, რათა ახალგაზრდები იძულებულები არ გახდნენ, რომ დატოვონ ქვეყანა“, – აცხადებს მარსელ როთიგი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული დირექტორი.
კვლევის დროს დადგინდა, რომ ემიგრაციის საკითხი მნიშვნელოვნად უკავშირდება ახალგაზრდების საკითხებს, ვინაიდან როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, ქვეყანას ყველაზე დიდი რაოდენობით 15-29 წლამდე ახალგაზრდები ტოვებენ. საქართველოდან წასვლის ძირითად მიზეზს წარმოადგენს უმუშევრობა და სამომავლო პერსპექტივების ნაკლებობა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საზღვარგარეთ სურთ ფინანსური სტაბილურობის მოპოვება და უკეთესი განათლების მიღება. ექსპერტები ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ახალგაზრდების გადინება უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ღონისძიებაზე კვლევის წარდგენისას მიმდინარეობდა დისკუსია, სტუმრებს შეეძლოთ თემის გარშემო სპიკერებისთვის კითხვა დაესვათ.
„ საგანგაშო არის ის, რომ ახალგაზრდების პრობლემები არ არის დღის წესრიგში. ზოგადად უნდობლობის მაჩვენებელიც ძალიან მაღალია ახალგაზრდებში, პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის მხრივ და რეალურად ამ კვლევამაც ის აჩვენა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ,რომ ახალგაზრდები მასიურად გარბიან ქვეყნიდან, არ არის მათი პრობლემები ისე წამოწეული როგორც მათ სურთ და შესაბამისად, თვლიან, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ“, – ამბობს ბექა ეჯიბიშვილი, სტუმარი.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა არასდროს მიიჩნევს გამართლებულად ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას, ან შეურაცხყოფის მიყენებას ქვიარ ადამიანებისთვის, სხვა თვალსაზრისით, მათი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ ძირითადად, უარყოფითი და კრიტიკულია. ახალგაზრდების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვიარ ადამიანებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო მკურნალობა სჭირდებათ. ამ მიმართულებით ქალები და დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ტოლერანტულ დამოკიდებულებებს ამჟღავნებენ. ინსტიტუტებს შორის ახალგაზრდები ყველაზე მეტად ენდობიან ჯარს და ყველაზე ნაკლებად პოლიტიკურ პარტიებს.