მთავარიმსოფლიოკავკასიაყარაბაღელ სომხებს ბაქოსი არ სჯერათ და რეგიონს ტოვებენ

ყარაბაღელ სომხებს ბაქოსი არ სჯერათ და რეგიონს ტოვებენ

მთიანი ყარაბაღი იცლება. რეგიონი უკვე 2900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ეთნიკური სომხები თავიანთ სახლებს ოჯახებთან ერთად ტოვებენ და გადადიან სომხეთში მანქანებითა და ტრაქტორებითაც კი. მიდიან ლაჩინის დერეფნის გავლით.

ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს აკავშირებს სომხეთთან.

მათ კი ვინც ჯერ წასვლა ვერ შეძლო, რუსი სამშვიდობოების ბანაკებთან იცდიან. როგორც ამბობენ, იქ ძალიან ცუდი პირობებია.

„დღეს წამოვედით, გვითხრეს ან დატოვეთ აქაურობა ან აიღეთ აზერბაიჯანული პასპორტებიო“ , – ამბობს დავით ღევონდიანი, ადგილობრივი.

სიტყვებითაც ვერ აღვწერ, თუ რა კოშმარი გამოვიარეთ. სოფელში ძლიერი დაბომბვა იყო. იქ თითქმის არავინ დარჩა. მოსახლეობის უმრავლესობა ევაკუირებულია. მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით და ახლა აქ ვართ“, – ამბობს ადგილობრივი.

მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების გადინების პარალელურად ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები იმართება ერევანში. აქციის მონაწილეები კეტავენ ქუჩებს, მოუწოდებენ გამვლელებსა და მძღოლებს, რომ ისინიც შეუერთდნენ აქციას.

ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ბაქომ უნდა უზრუნველყოს ყარაბაღში მყოფი სომხების უსაფრთხოება. მისი თქმით, რეგიონში ბოლო დღეებში ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა, თუმცა ეს ვითარებას არ ცვლის.

 „თუ არ შეიქმნება რეალური საცხოვრებელი პირობები მთიანი ყარაბაღის სომხებისთვის მათსავე სახლებში და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება იმის ალბათობა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები საკუთარი სიცოცხლისა და იდენტობის გადარჩენის ერთადერთ გზას სამშობლოდან წასვლაში დაინახავენ. მოვლენების ასეთ განვითარებაზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება აზერბაიჯანს, რომელიც ეთნიკური წმენდის პოლიტიკას ატარებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.  

ბაქოში კი ყარაბაღელ სომხებს ჰპირდებიან, რომ დაიცავენ მათ უფლებებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში ისინი თავისუფლად შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. თუმცა მათი არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას. მრავალწლიანმა კონფლიქტმა ამ ხალხებს შორის უნდობლობა გააღრმავა.

მთიან ყარაბაღში აქამდე დაახლოებით 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ყარაბაღში, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, სომეხი მოსახლეობა.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend