ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, მეორე კონცერტი გაიმართა.
შაბათს კონცერტზე შეკრებილი მსმენელისთვის ქართველ მუსიკოსებთან ერთად მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზი უკრავდა. იტალიელმა მევიოლინემ დომენიკო ნორდიომ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფრანგი კომპოზიტორების ჰექტორ ბერლიოზისა და კამილ სენ-სანსის ნაწარმოებები შეასრულა.
„ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია, დავუკრა ისეთ შესანიშნავ და ისტორიულ ქალაქში, როგორიც თბილისია. განსაკუთრებულია ამ საკონცერტო დარბაზში გამოსვლა არაჩვეულებრივ ორკესტრთან ერთად, რომელსაც შეუდარებელი მაესტრო ვახტან კახიძე ხელმძღვანელობს. მჯერა, რომ ეს ფესტივალი თბილისისა და საქართველოსთვის გამორჩეულია არა მხოლოდ მაღალი პროფესინალიზმის, ასევე იმ ნაწარმოებების გამო, რომლებიც ასე შესანიშნავად არის შერჩეული. მაგალითად, თუ არ ვცდები, კამილ სენ-სანსის სავიოლინო კონცერტი საქართველოში პირველად შესრულდა. შესაბამისად, ეს მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესოა“, – ამბობს იტალიელი მევიოლინე დომენიკო ნორდიო.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ორგანიზატორები წლებია საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობენ. სწორედ იტალიის საელჩოს დახმარებითა და შუამდგომლობით ჩამოვიდა დომენიკო ნორდიო თბილისში. იტალიის ელჩის განცხადებით, ასეთი კულტურული ღონისძიებები ქართულ და იტალიურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს.
„ფესტივალის ორგანიზატორებთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ყოველთვის ვცდილობთ, ფესტივალზე საუკეთესო იტალიელი მუსიკოსები ჩამოვიდნენ. ამჯერად კი შესანიშნავი მევიოლინე დომენიკო ნორდიო ესტუმრა საქართველოს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ჩვენს ქართველ მეგობრებს იტალიური კულტურა გავუზიაროთ. ეს ორმხრივი კულტურული ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მომავალში კი ვეცდებით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – აღნიშნა საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ.
წლევანდელი სეზონი გამორჩეულია იმითაც, რომ 2023 წელს თბილისის სიმფონიურ ორკესტრს 30 წელი შეუსრულდა. თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე ამბობს, რომ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით შეირჩა ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც საქართველოში იშვიათად სრულდება.
„შესრულდა კამილ სენ-სანსის სავიოლინო კონცერტი N3, რომელიც საერთოდ ძალიან იშვიათად სრულდება. საქართველოში არც მახსოვს, რომ ვინმეს ეს დაეკრას. ეს კონცერტი არაჩვეულებრივად შეასრულა ბრწყინვალე იტალიელმა მევიოლინემ დომენიკო ნორდიომ. ასევე შესრულდა ბერლიოზის ორი ნაწარმოები – „რაკოცის მარში“, რომელსაც უნგრულ მარშსაც უწოდებენ და ბერლიოზის შედევრი „ფანტასტიკური სიმფონია“, – ამბობს თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
„შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, რომელიც 17 სექტემბერს დაიწყო, მსმენელს კიდევ 5 კონცერტზე დასწრება შეეძლება. დირიჟორ ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით სცენაზე მსმენელის წინაშე სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, პიანისტი ნელსონ გოერნერი და კლასიკური მუსიკის ქართველი ვირტუოზები წარდგებიან. საერთაშორისო ფესტივალი 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.