ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიუხედავად ყარაბაღის მოსახლეობა ჯერ კვლავ თავშესაფრებშია.
“ჩემი სახელია ვარტი, ოთხი შვილი მყავს, თავშესაფარში ვიმყოფებით. მთელი ღამის განმავლობაში სციოდათ, გაცივდნენ, სიცხე აქვთ და ყელი სტკივათ. წამლებიც არაა, გთხოვთ, წამლები მაინც მოგვიტანეთ”, — ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
გუშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. უცნობია, თუ ზუსტად რაზე შეთანხმდნენ მხარეები, თუმცა დღეს უკვე აზერბაიჯანმა რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ასევე დათანხმდა სკოლებისა და ბაღების ენერგიით მომარაგებაზე. რეგიონში რამდენიმე თვის განმავლობაში აზერბაიჯანული ბლოკადის გამო სურსათის, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტი იყო.
სომხეთის დედაქალაქში კი უკვე მეოთხე დღეა აქციებია, გამომსვლელები ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ და მთავრობას სთხოვენ, იმოქმედოს ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებების დასაცავად.
პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა 40 000 ლტოლვილის მისაღებად, თუმცა მან დასძინა, რომ ეს სასურველი სცენარი არ არის, რადგან მას სურს, რომ სომეხმა მოსახლეობამ ყარაბაღში საკუთარ სახლებში იცხოვროს მშვიდად და უსაფრთხოდ.
“სომხეთის რესპუბლიკა მზადაა 40 000 ოჯახის მისაღებად. მაგრამ ამაზე საუბარი არ გვინდა. რატომ? მინდა ამაზე მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყარაბაღში სომხები საკუთარ სახლებში, საკუთარ მიწაზე, სათანადო და უსაფრთხო პირობებში უნდა ცხოვრობდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ თვალი არ უნდა დავხუჭოთ ყარაბაღში რუსული სამშვიდობო მისიის წარუმატებლობაზე”, — აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი.
ხმაური იყო გაეროს უსაფრთხოების საბჭოზეც, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“როდესაც არსებობს ეთნიკური წმენდისა და მასობრივი დანაშაულების ცხადი და ეჭვგარეშე მტკიცებულებები, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა იმოქმედოს. სომხეთის პოზიცია კვლავ იგივეა. უნდა ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას, ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული და არ უნდა იყოს აღქმული ნებართვად ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩატარების თაობაზე”, — ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
“ქალბატონებო და ბატონებო, ის, რასაც სომხეთი ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმად წარმოაჩინოს, სინამდვილეში, ანტიტერორისტული ოპერაციაა, რომელიც სრულად თანხვედრაშია გაეროს ქარტიასთან და ემსახურება სომხური შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებას, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიაზე. მეორე მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკა კვლავ ადასტურებს, რომ დაიცავს ყარაბაღში, აზერბაიჯანში ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ყველა უფლებას, როგორც ეს გაწერილია კონსტიტუციასა და საერთაშორისო დოკუმენტებში”, — აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი 20 სექტემბერს დაამყარა, როდესაც ადგილობრივმა ძალებმა დანებების შესახებ გამოაცხადეს.