მთავარიევროპაუკრაინაომი ბახმუტის ფლანგზე

ომი ბახმუტის ფლანგზე

სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესმა” ორი კვირა გაატარა იმ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფთან, რომელიც ბახმუტის ფლანგზე დღესაც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული.

რამდენიმე დღის წინ ფრონტის ამ მიმართულებაზე ახალი დასახლებები რუსი ოკუპანტებისგან სწორედ ამ სამხედროებმა გაათავისუფლეს. როგორც უკრაინის მესამე შემტევი ბრიგადის სამხედროები ამბობენ, იერიში ისეთი მძლავრი იყო, რომ რუსებმა დაღუპულთა ცხედრები მიატოვეს და უკანმოუხედავად გაიქცნენ.


ანდრიივკაში კვლავ ისმის საარტილერიო ჭურვების აფეთქების ხმა. აქ ახლა ერთი რუსი ჯარისკაციც კი არ არის დარჩენილი. ანდრიივკის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის დამცველები სანგრებში გამაგრებულ რუსებს აქტიურად უტევდნენ.

საბოლოოდ კი, 14 სექტემბერს, რუსებმა უკან დაიხიეს. ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაზე დაკარგული პოზიციების აღდგენას რუსები ისევ ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ანდრიი კოვალოვი აცხადებს, რომ ბახმუტის ფლანგზე, დონეცკის ოლქის დასახლება ზაიცევეს აღმოსავლეთით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობდა, დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები დონეცკის ოლქში, დასახლება ანდრიივკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ფლანგებზეც, თუმცა უშედეგოდ.


ომის შესწავლის ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინის ოფიციალური პირების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, წერდნენ, რომ ბახმუტის სამხრეთით გამართულ ბრძოლას სამი რუსული ბრიგადა გამოეთიშა.

რუსი სამხედრო ბლოგერები კი აღნიშნავენ, რომ კრემლმა ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, კუპიანსკის მიმართულებით, ახალი შეტევა წამოიწყო, უკრაინის არმიამ კი საბრძოლო მოქმედებები ფრონტის სამხრეთით განაახლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend