აზერბაიჯანმა მას შემდეგ მოითხოვა სრული კონტროლი სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რაც ადგილობრივი სომხური ძალები იარაღის დაყრაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანის 24-საათიანი სამხედრო შეტევის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებები რეგიონის წარმომადგენლებთან დღეს, 21 სექტემბერს დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ აღადგინა სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედროებმა გამოავლინეს გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი.
ამასთან, ალიევმა განმარტა, რომ ოპერაციის დაწყებამდე ყველა სამხედროს მისცა მითითება, მშვიდობიან მოსახლეობას არ შეხებოდნენ. მთიანი ყარაბაღის ათასობით მცხოვრები რუსი სამშვიდობოების ბანაკში მიდის. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში რუსეთის ჯარები არიან პასუხისმგებელი მათ უსაფრთხოებაზე.
„თუ რუსი სამშვიდობოების ჩართულობით მიღებული სამშვიდობო შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ ისინი სრულად და ყოველგვარი დათქმის გარეშე იღებენ პასუხისმგებლობას, უზრუნველყონ მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოება და უზრუნველყონ მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა, მათ უნდა დაიცვან მათი უფლებები, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ თავიანთ მიწაზე“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„გუშინაც და დღესაც სომხეთის ხელმძღვანელობამ, ჩვენდა გასაკვირად, მოულოდნელი პოლიტიკური კომპეტენცია გამოავლინა. ჩვენ ამას ვაფასებთ და მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე სომხეთის დედაქალაქ ერევანში და მთავრობა მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების ღალატში დაადანაშაულა. დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.