2020 წლიდან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლებისთანავე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი დე-ფაქტო სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან ამიერკავკასიაში არსებულ ვითარებას. ექსპერტთა შეფასებით, ეს ბუნებრივიცაა, რადგან დე-ფაქტო ადმინისტრაციებს რუსეთის ხელშეწყობით საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობაც აკავშირებდათ ერთმანეთთან. ახლა კი ვითარება შეიცვალა. ისტორიკოსთა და ექსპერტთა აზრით, რუსეთი ამიერკავკასიაში გრძელვადიან სტრატეგიებს ვეღარ წარმართავს, რაც კრემლის გავლენას კიდევ უფრო შეასუსტებს.
ყარაბაღისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თვითაღიარებული რეჟიმები რუსეთისთვის განსხვავებული მნიშვნელობისაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდ სამხედრო პოტენციალს ფლობს. თუმცა უკრაინაში კრემლის აგრესიის გამო ეს პოტენციალიც შესუსტებულია. სწორედ ამის გამო ყარაბაღის კონფლიქტის დასრულება ცხინვალსა და სოხუმში ახალ საფიქრალს აჩენს.
ისტორიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებით მოვლენები, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად განვითარდეს. კონფლიქტი აზერბაიჯანული მხარის სასარგებლოდ, გარკვეულწილად, რუსეთის ჩართულობით გადაწყდა, თუმცა ექსპერტთა აზრით, ამით სოხუმსა და ცხინვალთან ახალი დიალოგის შესაძლებლობაც იხსნება.
ექსპერტების შეფასებით, ამიერკავკასიაში პრეცედენტის შექმნა, რომ თვითაღიარებულმა რეჟიმმა არსებობა დაასრულა, მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.