საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიაში არალეგალურად ჩასულ მიგრანტებს თავის ქვეყანაში არ მიიღებს. მინისტრმა განცხადება რომში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ გააკეთა, იგი რომში თავის კოლეგას შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე არალეგალურად ჩასული ათასობით მიგრანტის საკითხზე ისაუბრეს. ფრანგული მხარის განცხადებით, ისინი იტალიას იმ მიგრანტების დეპორტაციაში დაეხმარებიან, რომლებიც თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.
მას შემდეგ, რაც ლამპედუზაზე ათასობით მიგრანტი ჩავიდა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ იტალიის დახმარებაზე უარი განაცხადა. პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც არალეგალურ იმიგრაციას ებრძვის. რეზოლუცია ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის კრიზისთან ბრძოლის გეგმას, რომელიც მან კუნძულზე ვიზიტის შემდეგ წარადგინა. პოლონურ მხარეს მიაჩნია, რომ არალეგალურად ჩასული მიგრანტების ნებისმიერი სახის დახმარება ადამიანით მოვაჭრეებს წაახალისებს.
„ჩვენ გვსურს მკაფიო გამაფრთხილებელი სიგნალი გავაგზავნოთ, რადგან ლამპედუზის კრიზისი საგანგაშოა. თუ ჩვენ იმავე შეცდომებს გავიმეორებთ და ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ მექანიზმებს გავითვალისწინებთ, მაშინ მთელი ევროპა, მთელი ევროკავშირი ლამპედუზას დაემსგავსება”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ.
იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი იტალიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების პრობლემას გაუმკლავდება.
არალეგალურ მიგრაციას “ევროპული პასუხი” სჭირდება – ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის კუნძული მოინახულა
ევროკომისიის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს იტალიის გავლით ევროკავშირში ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, ტუნისისთვის დამატებითი თანხები უნდა გამოიყოს, რომ ტუნისმა სანაპიროებზე კონტროლი გააძლიეროს.