პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენის პარალელურად, დღეს პარლამენტის შენობასთან კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ მოწოდებებით “არა ცენზურას!,”
“კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია!” აქციის ორგანიზატორების თქმით, ის შეეხება “უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელსაც კულტურის სამინისტრო თავს ვერ ართმევს.” “რეპრესიული პოლიტიკა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, მიზანმიმართულად აფერხებს თანამედროვე ხელოვნებისა და მეცნიერების განვითარებას, ახშობს თავისუფალი და კრიტიკული პროფესიული აზრის გამოხატვას; ცდილობს კულტურის მოთვინიერებას, შეზღუდვას, სამთავრობო პროპაგანდის ინსტრუმენტად ქცევას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 20 სექტემბერს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე “მინისტრის საათის” ფორმატით წარდგება. ოპოზიცია აცხადებს, რომ უამრავ საკითხზე პასუხები ამ დრომდე გაუცემელია, თუმცა კანონმდებელთა ნაწილი კულტურის მინისტრთან დებატებში შესვლის აზრს ვერ ხედავს და სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. განცხადება გააკეთეს უმრავლესობაშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ როგორც წესი, ოპოზიცია მსგავსი დებატების დროს დარბაზს დასაწყისშივე ტოვებს.