არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ბრძანებაში ცვლილების შეტანის დრო და გარემოებები აჩენს დასაბუთებულ საფუძველს, რომ ეს სწორედ ერთი პირის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს ემსახურება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტის დახმარებით სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ორმაგ მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობას მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით კი ოთარ ფარცხალაძეს შესაბამისი უწყებისთვის არ მიუმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის 19 სექტემბერს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება, თუ ამასთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.