კონკრეტული ფაქტებისა და ფიგურანტების წარმოდგენის გარეშე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სახელმწიფო გადატრიალებისა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის გეგმის შესახებ, მმართველი და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თვლიან, რომ სუსმა ეს განცხადება საპრევენციოდ და გეგმის ავტორთა გასაფრთხილებლად გააკეთა და უწყებისგან გამოძიების შედეგებს ელიან. ასევე გამორიცხავენ ოპოზიციის მოსაზრებას, რომ სუსის ეს განცხადება მმართველი პარტიის დავალებით გაკეთდა და ის, ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული.
„დასავლელი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდა საერთოდ რა შუაშია არ მესმის. რაც შეეხება განცხადებას, სუსს ალბათ, აქვს შესაბამისი ოპერატიული და დასაბუთებული ინფორმაცია იმის შესახებ, რაზეც გუშინ გაკეთდა განცხადება. ეს პირველად არ ხდება და ახლო წარსულში ჩვენ არაერთი ფაქტი გვახსოვს ასეთი, გადატრიალების მცდელობების. მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის შემოპარვა არეულობის და გადატრიალების მოტივით და ა.შ. ეს იყო სუსის მხრიდან ალბათ, საპრევენციო განცხადება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც ითქვა, მიმდინარეობს გამოძიება. ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ ასეთი გეგმა არსებობს გარკვეულ ჯგუფებში“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი უსაფუძვლო პროპაგანდა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, რომელიც არანაირი შედეგით არ დასრულდება. მიზანი კი, მათი თქმით, პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის და ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხების გადაფარვაა.
„ყველა მიმართულებით, ჩემი აზრით ესაა გადაფარვის მცდელობა. მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული საქმიანობის, ანუ კორუფციული ფსკერის, რომელზეც დაეცა პრემიერ-მინისტრი. ასევე შეუსრულებელი ევრორეკომენდაციების და რა თქმა უნდა, სულ ახალი, ფარცხალაძის დასანქცირება. ჩვენს საზოგადოებას ბევრი ასეთი განცხადება უნახავს სუსიდან, თუმცა ისიც ვნახეთ, რომ არანაირი შედეგით არ დასრულებულა ეს გამოძიებები. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომ მოქალაქეების ყურადღება გადაიტანონ მძიმე პრობლემებიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა შედეგს არ გამოიღებს და საზოგადოება არ მიიღებს მას სანდო ინფორმაციად“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
სუსის ინფორმაციით, სახელმწიფო გადატრიალების ოპერაცია იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს. უწყება ამ გეგმის ორგანიზებაში ბრალს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილს და უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონს სდებს. უცნობია, რა დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს ახლო მომავალში სუსი ამ სავარაუდო სქემის ირგვლივ დაწყებული გამოძიების შესახებ.
ალეკო გვეტაძე