მთავარისაქართველოსუსი: "ოქტომბერ-დეკემბერში რადიკალები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ"

სუსი: “ოქტომბერ-დეკემბერში რადიკალები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ”

სახელმწიფო გადატრიალება, არეულობა და ხელისუფლების დამხობა – ასეთი სავარაუდო დრამატული სურათის შესახებ აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოებას. სუსის წარმომადგენელმა ბაჩა მგელაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უცხო ქვეყნების მხარდაჭერით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირები, საქართველოში არეულობას გეგმავენ. თუმცა ამ მასშტაბის საშიშროების მიუხედავად უწყება კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს. სუსში მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.

სუსის ცნობით, დადასტურებულად იციან სცენარებიც, რომელთა განხორციელებითაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდება. „კარვების ქალაქი“, ბარიკადები, აფეთქებები და „უკრაინული მაიდნის“ მსგავსი ვითარება.

„აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. ხაზგასასმელია ის, რომ აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოიყენებენ უკრაინაში მებრძოლ ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფს და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

დესტრუქციული გეგმის ავტორთა მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთწოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეიტანენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს. აღნიშნულმა, მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

სუსის ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სახელისუფლებო ვერტიკალიდან უწყებას ეთანხმებიან საფრთხეების ჩამონათვალში და პოლიტიკურ ოპოზიციას, მუდმივი დესტაბილიზაციის სურვილსა და მცდელობაში ადანაშაულებენ.

„ეს არის გამოძიების შედეგები, რომელიც ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს. ამ ყველაფერს ნაწილობრივ საზოგადოებაც ამჩნევდა, ხედავდა, თუ რისკენ მიჰყავს ხოლმე რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება და ეს არ არის პირველი მცდელობა მათი, რომ დესტრუქციით და არჩევნების გვერდითს ავლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზოგადოება ამის შესახებ გააფრთხილა, წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვნახეთ გამოძიების მასალები კიდევ ერთხელ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც უკვე მეორეჯერ ამხილეს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების ორგანიზებაში. ეს ადამიანი – ეროვნებით ქართველი, თავისი სულით და გულით არაქართველი, საქართველოში ცდილობს არიოს სიტუაცია. დადასტურებულად ვიცით, მათ შორის, გახსოვთ მაშინ სატელეფონო საუბრებიც კი გასაჯაროვდა, რომ გია ლორთქიფანიძე იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარების ორგანიზატორი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო საქართველოში არევა და მათ შორის, სიტუაციის სისხლისღვრამდე მიყვანა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მორიგი გადატრიალების სპექტაკლი იმიტომ მოიფიქრა, რომ ბევრი საკითხი აქვს გადასაფარი, სულ ბოლოს კი ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალის დასანქცირება აშშ-დან. „ქართული ოცნების“ ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, მათ შორის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ხარჯზეც.

„სუსმა საზოგადოებას ჯერ იმ გამოძიების შედეგები მოახსენოს, 2014 წლიდან ყველა არჩევნებზე სახელმწიფო გადატრიალების მუხლით რომ დაიწყო, როცა რევოლუციისთვის გამოსაყენებლად საბურავებს ეძებდნენ. ეს მორიგი ბრიფინგი მართლა სასაცილოა. გვყავს ხელისუფლება, რომელიც თანამდებობებს ჩაბღაუჭებულია და მათი მიზანია არა კანდიდატის სტატუსი, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს განცხადება სერიოზულად არ უნდა მივიღოთ, რადგან არც საფუძველი აქვს და არც ძალა. მათი ერთადერთი მიზანია, თავი დაიზღვიონ სტატუსთან მიმართებით და საკუთარი პარანოია-შიშით მოქმედებენ. საზოგადოება ხელისუფლებას სამართლიანად მოსთხოვს პასუხს სტატუსის მიღების ჩაგდებულ პროცესზე“, – აღნიშნავს „ენმ-ის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ამ შემაშფოთებელი და ამაღელვებელი ინფორმაციის მიუხედავად უწყებას ჯერ არც სპეცოპერაცია ჩაუტარებია და არც არავინ ჰყავს დაკავებული. უცნობია, რა ღონისძიებებს მიმართავს სუსი გამართული ბრიფინგისას ნათქვამი ინფორმაციის დასადასტურებლად და გასამყარებლად.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend