18-იდან 27 სექტემბრამდე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 1948 წლის გენოციდის კონვენციის დარღვევის შესახებ უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელზე მოსმენა იმართება. რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც კრემლში სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდეს, გენოციდის თავიდან აცილების მიზნით დაიწყო.
უკრაინამ სარჩელი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ შეიტანა. სარჩელში ვკითხულობთ, რომ მოსკოვმა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გენოციდის კონვენცია ბოროტად გამოიყენა და რომ თავდასხმა ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში გენოციდის შესახებ ცრუ განცხადებებს ეფუძნებოდა. საერთაშორისო სასამართლოს მოსმენაზე კიევს რეკორდული რაოდენობის, სულ 32 ქვეყანა, უჭერს მხარს.
სასამართლოში რუსეთის იურისტების გუნდის ხელმძღვანელმა გენადი კუზმინმა უკრაინაზე თავდასხმა სერბეთში ნატოს საჰაერო ოპერაციას შეადარა და 16-მოსამართლიან კოლეგიას განუცხადა, რომ საქმე გამოუსწორებელ ხარვეზებს შეიცავს.
,,უკრაინის სამართლებრივი პოზიცია გამოუსწორებელ ხარვეზებს შეიცავს და იგი ამ სასამართლოს მრავალწლიან იურისპრუდენციას ეწინააღმდეგება. ჩვენს სამართლებრივ არგუმენტებს უფრო დეტალურად ჩვენი ადვოკატი განიხილავს“, – ამბობს გენადი კუზმინი.
უკრაინის პოზიციას უსაფუძვლო უწოდა რუსეთის კიდევ ერთმა იურისტმა.
,,რეალურად ეს საქმე სპეციალური სამხედრო ოპერაციის კანონიერებას და დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას ეხება. უკრაინის პოზიცია ამ საქმეში უსაფუძვლოა“, – აცხადებს რუსეთის იურიდიული გუნდის წევრი ალფრედო კროსატო ნეუმანი.
მოსალოდნელია, რომ კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ გაგზავნილი ადვოკატები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ ამ საქმის განხილვა საერთაშორისო სასამართლოს იურისპრუდენციაში არ შედის.
სავარაუდოა, რომ მოსამართლეები მომდევნო რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეეცდებიან გადაწყვიტონ, შეეძლებათ თუ არა საქმის განხილვის გაგრძელება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კი შესაძლოა, წლებიც კი დასჭირდეს.