მთავარიგადაცემებიExploreაღმოაჩინე აჭარა - იუნესკოს მიერ დაცული ტყეებით, ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობითა და ფუტურისტული...

აღმოაჩინე აჭარა – იუნესკოს მიერ დაცული ტყეებით, ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობითა და ფუტურისტული არქიტექტურით

იუნესკოს მიერ დაცული ტყეები, ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა და ფუტურისტული არქიტექტურა – საქართველოს მარგალიტი აჭარა ელოდება, თუ როდის აღმოაჩენთ.

საქართველოს აჭარის რეგიონი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ისტორიულად ეს იყო ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, სადაც ევროპა აზიასთან იკვეთებოდა.

„ევრონიუსი“  გაეცნო აქაურ მდიდარ კულტურასა და ლეგენდარულ ქართულ სტუმართმოყვარეობას საქართველოს მეორე ყველაზე დიდი ქალაქის, – ბათუმის მაგალითზე, სადაც ერთმანეთს ერწყმის დიდი ხნის ისტორია და ფუტურისტული არქიტექტურა, ქალაქის შემოგარენში კი ულამაზესი ბუნებაა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ტროპიკული ტყეები

აქაური ბუნება წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. აქ ნახავ  ბამბუკის ხეებს, რომლებიც სუბტროპიკული კლიმატის დამსახურებაა. სულ რაღაც ათი წუთის სავალზე კი მთაში ხელუხლებ ტროპიკულ ტყეში აღმოჩნდები. და ამ ყველაფერს გვერდით დიდებული შავი ზღვის სანაპირო ზოლი გასდევს.

მტირალას ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მე ახლა შევხვდები მეტყევეობის ბრიტანელ ექსპერტს, რომელიც ბოლო ოცი წელია საქართველოში ცხოვრობს.

აჭარის ტყეები ამ რეგიონში 60 პროცენტს ფარავს, მათი ნაწილი კი 20 მილიონი წლისაა. ასეთი ტყეები ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც კოლხური, ტენიანი, ფართოფოთლოვანი ტროპიკული ტყე და ჭაობი ერთმანეთის გვერდიგვერდ  გვხვდება.

მტირალას ეროვნული ტყეპარკი აჭარაში მდებარე ოთხი ეროვნული პარკიდან ერთ-ერთია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენს.

მაიკ გარფორტი ბრიტანელი მეტყევეობის ექსპერტია, რომელიც 20 წელია საქართველოში ცხოვრობს.

“ამ ტყეებმა გამყინვარების ხანას გაუძლეს“, – განმარტავს მაიკი. „დანარჩენი ევროპა რამდენიმე ასეულ მეტრიანმა ყინულმა დაფარა და მთლიანად მოსპო ტყეც და ველური ბუნებაც. აქ, საქართველოში, კი ყველაფერი გადარჩა. აქ შეხვდებით სახეობებს, რომელთაც ენდემურს ვუწოდებთ და რომელთა მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ“.

მაიკი ამბობს, რომ ერთ-ერთი რაც საქართველოში მოსწონს, არის სეზონური მრავალფეროვანი გემრიელი ხილი და ბოსტნეული და ქართველების სტუმართმოყვარეობა.

„საქართველოს ძალიან დიდი და საამაყო ისტორია აქვს, აქაური მოსახლეობა ძალიან თბილი ხალხია, ძალიან უყვართ ოჯახი და ძალიან სტუმართმოყვარე ერია. საქართველოში ამბობენ, რომ სტუმარი ღვთისაა. აქაურ ხალხს ცხოვრების ასეთი წესი აქვს და ასე ექცევიან ჩამოსულებს“, – ამბობს მაიკი.

 მზადება ლხინისთვის

საქართველოს მონახულება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მის გემრიელ სამზარეულოს არ გასინჯავთ. თანაც, მის თითოეულ რეგიონს საკუთარი კულინარიული ტრადიციები აქვს. აჭარულ სამზარეულოში  ევროპული და აზიური სანელებლები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამიტომ აქაური სამზარეულო   განთქმულია მადისაღმძვრელი სუნელებითა და მრავალფეროვანი კერძებით.  ყველაზე ცნობილია ხაჭაპური – უგემრიელესი ყველით დატენილი პური, რომელსაც ზემოდან კვერცხს ახლიან. მას ნავის ფორმა აქვს და გადმოცემის მიხედვით, სახლში დაბრუნებულ მეზღვაურებს ყველაზე მეტად სწორედ ეს ხაჭაპური უყვარდათ, რომელშიც კვერცხის გული ზღვაში ჩამავალი მზის სიმბოლოა.

ქართული სუფრა ტრადიციული ლხინია, რომელიც ქართველების ყოფის ნაწილია. სურაზე იმდენად  მრავალფეროვანი კერძები აწყვია, რომ ის სიმძიმისგან იზნიქება. ლხინი შესაძლოა, რამდენიმე საათიც კი გაგრძელდეს და მას თან ახლავს სიმღერა, ლექსები და ამბის თხრობა. სუფრას თამადა უძღვება – ასე უწოდებენ სადღეგრძელოების ოსტატს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია აკისრია – მან უნდა გაართოს სუფრის წევრები სადღეგრძელოებით, რომლებსაც ხშირად ლექსად ამბობს და ფილოსოფიურად განავრცობს. და, რაც მთავარია, ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს.

უნიკალური ქართული მემკვიდრეობა

ქართული მეღვინეობა 8 000 წელს ითვლის და მას იუნესკო აღიარებს, როგორც კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას. ღვინოს ქვევრში ინახავენ და აძველებენ. ქვევრი არის თიხის ჭურჭელი და სტუმრებს პატივისცემის ნიშნად უძველესი რიტუალით ხვდებიან – ლხინის წინ ქვევრს თავს ხდიან.

საქართველოში 500-ზე მეტი ენდემური ყურძნის ჯიშია, მათგან ზოგიერთი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას და მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ.

ხალხური მუსიკა, ცეკვა და სიმღერა ქართული სუფრისა და სტუმარმასპინძლობის განუყრელი ნაწილია.

ქართული პოლიფონიური სიმღერაში მრავალი ხმა ერწყმის ერთმანეთს და თითოეულს საკუთარი მელოდია აქვს. ეს მრავალხმიანება იუნესკომ აღიარა, როგორც მსოფლიოს მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლი.

ქართველებს უყვართ საკუთარი მდიდარი კულტურისა და მემკვიდრეობის გაცნობა სტუმრისთვის, სუფრის წევრობა კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა!

ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი ბათუმი საქართველოს მეორე ყველაზე დიდი ქალაქია. ამ ქალაქის ისტორია ანტიკური ხანიდან იწყება, იგი მოხსენიებულია ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში.

მეცხრამეტე საუკუნეში ბათუმი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პორტი გახდა შავ ზღვაზე და მისი ცნობილი ბულვარიც მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენდა. იგი რამდენიმე კილომეტრზე გასდევს სანაპიროს და შესანიშნავი გამწვანებული ტერიტორიაა სეირნობისა და სირბილისთვის.  ბოლო 10-15 წელიწადში ქალაქი მთლიანად შეცვალა თანამედროვე მრავალსართულიანმა და ფუტურისტულმა არქიტექტურამ.

“ბათუმის კონტურები საკმაოდ სწრაფად იცვლება, თუმცა ის არ კარგავს საკუთარ ბუნებას, ავთენტურობასა და ხიბლს. ეს კი სწორედ ისაა, რაც ყველა ტიპის მოგზაურს იზიდავს“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

რეგიონის ხელისუფლებას საკმაოდ ამბიციური პროექტები აქვს დაგეგმილი. ამ პროექტებს შორის არის რეგიონში პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აშენება და პალმის ხის ფორმის ხელოვნური კუნძულის შექმნა.

მზის ჩასვლის შემდეგ ბათუმი კაშკაშს იწყებს. ვისაც ღამის ცხოვრება უყვარს, აქ არის ისეთი საკონცერტო სივრცეები, როგორიცაა  Stage 17, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები გამოდიან, ქალაქში მრავალი მოდური  ბარია სახურავზე, რომლებიც ქალაქს გადმოსცქერიან.

 

ავტორი: ნაომი ლოიდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend