წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო შეკრების ბოლო კონცერტიც დასრულდა. 10 დღის განმავლობაში წინანდლის ბაღებში ყოველდღე ისმოდა ულამაზესი მუსიკა… ბეთჰოვენი და შუმანი, ლისტი და რახმანინოვი, დებიუსი და შოპენი. სცენაზე კი, სახელგანთქმულ მუსიკოსებთან ერთად იდგნენ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრები.
“აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ წლევანდელი ფესტივალით ყველა ძალიან გახარებულები ვართ. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას ორკესტრის პროფესიონალიზმს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ორკესტრი წელს საუკეთესოდ ჟღერდა. განსაკუთრებული იყო გარემოც, მთელი ეს ფესტივალიც ხომ ამას ეძღვნება, რომ გააერთიანოს მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან, ამაში ნამდვილად წარმატებულები ვართ. ყველა კონცერტი… ვერც კი გამოვყოფ, რომელი რომელზე უკეთესი იყო, ზოგადი ხარისხი იყო ძალიან მაღალი. იცით, რომ გვყავდა შესანიშნავი მუსიკოსები, მანფრედ ჰონეკი, ჯანანდრეა ნოზედა, რა თქმა უნდა, ლიზა…. შემდეგ წელს ამ შედეგის გაუმჯობესება გამოწვევა იქნება, მაგრამ ამაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა”, — აცხადებს ავი შოშანი, წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
“წინანდლის ფესტივალი ალბათ არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფესტივალი. აქ ერთი ოჯახი ვართ, ღონისძიებები ღია სივრცეში იმართება, ეს ყველაფერი წლის განმავლობაში მიმდინარე კონცერტებისგან ძალიან განსხვავდება. ფესტივალი მართლაც, დიდ საქმეს აკეთებს, აქ ხალხი ერთმანეთს ხვდება, არამხოლოდ მუსიკოსები, არამედ საზოგადოება, სტუმრები, ეს სოციალური შეკრებაა. ფესტივალი, ტურისტების მოზიდვის უნიკალური გზაც არის, ვფიქრობ, წინანდლის ფესტივალი ბევრი თვალსაზრისით მუშაობს, ის აერთიანებს რეგიონის ახალგაზრდა მუსიკოსებს პანკავკასიური ორკესტრის საშუალებით, საშუალებას აძლევს საქართველოს, მოუსმინონ საოცარ მუსიკოსებს, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგებით და ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ”, — ამბობს მარტინ ენგსტრომი, წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
“მეხუთე წელია და დაგვიგროვდა უკვე დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც თეორიით არ მოდის, ადგილზე თუ არ შეეხები მას. გამოცდილებამ შეგვძინა ის, რომ ტექნიკურად ძალიან კარგად იყო მოწყობილი წლევანდელი ფესტივალი. მივაღწიეთ სტანდარტს, რომლისკენაც მივისწრაფოდით. ეს არის ევროპული სტანდარტი. რაც შეეხება შემოქმედებით კუთხეს, მგონი აქაც გვაქვს მიღწევები, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსები იყვნენ როგორც ყოველთვის და, მათაც შეამჩნიეს ეს ხარისხი, რომელიც გვინდა რომ ყოველთვის იყოს წინანდალში. / ახლა ვიგრძენით რაღაც შედეგები, ვფიქრობ გარდამტეხი მომენტია ჩვენს ბიოგრაფიაში, ასე ამბობენ ხოლმე, რომ 6 წლიდან იწყება ფესტივალის ნამდვილი გაფურჩქნა, აქამდე იყო მოვლა, პატრონობა, ახლა კი გვაძლევს შედეგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, — აცხადებს წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი დავით საყვარელიძე.
პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის წევრთათვის, წინანდალში ჩამოსვლა კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ისინი აქ ფესტივალის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ჩამოვიდნენ, იმისათვის, რომ მონატრებულ კოლეგებს შეხვედროდნენ, ორკესტრის ახალი წევრები გაეცნოთ, და ფესტივალის პროგრამა საგულდაგულოდ მოემზადებინათ.
აქ ისინი მორიგი კონცერტისთვის რეპეტიციას გადიან, უკრავენ ბეთჰოვენს, მოცარტსა და ბრამსს.
“მე ვარ მარია კოსტოგრიზი უკრაინიდან, ვსწავლობ ჰანოვერში, წინანდალში მეორედ ვიმყოფები, ვფიქრობ, ეს ორკესტრი ერთი დიდი ორგანიზმია, ძალიან მიხარია, რომ აქ ვუკრავ. ვგრძნობ, როგორ ვიზრდები, როგორ ვვითარდები, ამ დირიჟორებთან ერთად მუშაობა დიდ შთაგონებას მაძლევს მეც და ყველას, ძალიან მადლიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მაქვს”.
“მე ვარ თეკლა ჭაჭიაშვილი საქართველოდან, წელს პანკავკასიურ ორკესტრში ჩემი პირველი წელია, მინდა ვთქვა, რომ ეს საოცარი გამოცდილებაა. არ არსებობს საქართველოში კი არა, ამაზე უკეთესი პროექტი საერთოდ ჩვენს ნაწილში. არის საოცარი შესაძლებლობები, საოცარი დირიჟორები, არტისტები, ბავშვებზე აღარაფერს ვამბობ. უმაღლესი დონის საუკეთესო რა სიტყვით შეიძლება აღვწერო, მართლა ფენომენალურია, რაც აქ ხდება”.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსებიც ამბობენ, რომ წინანდალი ნელ-ნელა იქცა მათთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად.
“გასაოცარია, როგორც ყოველთვის. ყოველ ჯერზე რაღაც ახალი შთაბეჭდილება მრჩება, მე ლიზასთან ერთად დავუკარი. ის ხომ საქართველოს ნამდვილი გმირია. ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. დავუკარი გოტიე კაპუსონთან, მიხაილ ბარენბოიმთან, ამ გუნდში ფანტასტიკური მუსიკოსები არიან. ეს ფესტივალი გამორჩეულია, ხალხი ირგვლივ ძალიან კეთილია, ეს ადგილი კი სადაც ფესტივალი იმართება, ფანტასტიკურია, აქ შეგიძლია დაისვენო, როცა გინდა ბუნებაში გახვიდე, აქვეა ეს დიდებული პარკი, უბრალოდ საოცრებაა”, — ამბობს იაპონელი პიანისტი მაო ფუჯიტა.
“აქ მეორედ ვარ და ვხედავ, როგორ იზრდება ფესტივალი, ვხედავ როგორი აღტაცებული და მონდომებულია მსმენელი. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდებთან, ამ ბავშვებთან დაკვრა, ისინი ხომ ჩემთან შედარებით ბევრად ახალგაზრდები არიან, საოცარი ენერგიაა აქ. აღმაფრთოვანებელია იმის ნახვა, თუ რამხელა პროგრესი აქვთ მუსიკოსებს”, — აცხადებს ჩელისტი გოტიე კაპუსონი.
“წინანდლის მეხუთე ფესტივალი შესანიშნავად დაიწყო, პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად ორი შესანიშნავი კონცერტი გვქონდა. ახალგაზრდა მუსიკოსებმა ყველაფერი გაიღეს, ისინი თავდადებით, მაღალი ტექნიკური შესრულებითა და მუსიკალურობით გამოირჩევიან, ვიმედოვნებ, რომ მომავალ საფესტივალო სეზონზე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. მე მომენატრება აქაურობა, მომენატრება ხალხი, მომენატრება ორკესტრი, მომენატრება კერძები და ღვინო, მომენატრება საქართველო და წინანდალი”, — აცხადებს დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედა.
წინანდალი მომავალ წელს, ტრადიციული ფესტივალის გარდა, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სხვა სიახლესაც ჰპირდება. 2024 წლის 1 მაისს ამ ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, „ევროპაკონცერტზე“ დაუკრავს. „ევროპაკონცერტი“ 1991 წლიდან იმართება და ის ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის დაარსების დღეს აღნიშნავს. ამ ღონისძიებას მასპინძლობენ ხოლმე ისეთი ქალაქები, როგორებიცაა პარიზი, ბარსელონა, ვენა, პრაღა, ფლორენცია, ოქსფორდი. ამჯერად კი “ევროპაკონცერტი“ საქართველოში, წინანდალში გაიმართება.
“ძალიან წარმატებულად ჩაიარა 11-ვე დღემ, იმდენი ხალხი მოვიდა, რომ არც ველოდით. როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. დიდი წარმატებაა ჩვენთვის. მომდევნო წელს ველით კიდევ უფრო უკეთეს ფესტივალს. 11-ვე დღე აქ ვიყავი და ძალიან სერიოზული ვარსკვლავები იყვნენ, სერიოზული კონცერტები გაკეთდა, ფაქტობრივად ისეთივე დონეა, როგორისაც არის წამყვანი ფესტივალები ევროპაში, ზუსტად იგივეა. ორკესტრი, ჩვენი მნიშვნელოვანი და ძირითადი ნაწილი, იყო უმაღლეს დონეზე, როგორც ჩვენმა დირიჟორებმა ჯანანდრეა ნოზედამ, მანფრედ ჰონეკმა აღნიშნეს, რომლებმაც იმუშავეს ამ ორკესტრთან, თქვეს რომ ძალიან გაუმჯობესდა და წინ წაიწია ამ ორკესტრმა, ბევრად გუამჯობესდა წინა წელთან შედარებით. ძალიან სერიოზულ დონეზეა. ამ ფესტივალის შემდეგ ძალიან კარგი გაგრძელებაა, მომდევნო წლის 1 მაისს, ასე ჰქვია, ევროპაკონცერტი, სამი წელია ვმუშაობთ უკვე ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან, კონტრაქტი უკვე დადებულია. ისინი იყვნენ აქ, აარჩიეს ჩვენი დარბაზი და წინანდალში ჩაატარებენ ევროპაკონცერტს, რომელიც 160 ქვეყანაში გადაეცემა. ეს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის წლის მთავარი მოვლენაა, ეს ორკესტრი კი, როგორც ბევრი სპეციალისტი ამბობს, საუკეთესო ორკესტრი. ჩვენთვის ეს უდიდესი პატივია და სასიამოვნო ფაქტია, როგორც მუსიკალურ ცხოვრებაში, ისე ქვეყნისთვისაც. საეტაპო მომენტია ამ კონცერტის აქ ჩამოვლა, ეს ეხმიანება იმას, ახლა სადაც არის საქართველო ევროკავშირის კანდიდატობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ ეს კიდევ მიეხმარება ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, რომ ასეთი კარგი და სერიოზული ნაბიჯი გადადგას. როგორც ამბობენ, ბევრი ცნობილი გერმანელიც იქნება ამ ორკესტრთან ერთად”, — აცხადებს “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი.
დასრულდა სეზონის ბოლო კონცერტი და, პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსები ერთმანეთს ემშვიდობებიან, თუმცა მხოლოდ დროებით, სანამ მუსიკა მათ კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს სცენაზე. ეს შეიძლება მოხდეს ავსტრიაში, გერმანიასა თუ საფრანგეთში, თუმცა წინანდალი ყოველთვის დარჩება მათი პირველი და მთავარი შეხვედრის ადგილი.