ევროკომისიის მიერ წარდგენილი 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მხოლოდ ერთი აქვს სრულად შესრულებული – ამბობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს გამოაქვეყნეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ბოლო შეფასება – სტატუსმეტრი. მათი განცხადებით, 12-იდან მეტწილად შესრულებულია 2, ნაწილობრივ 7, ხოლო რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლადაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ორია – დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნაწილობრივ შესრულებული რეკომენდაციები უფრო ახლოსაა შეუსრულებელ პირობებთან ვიდრე შესრულებულთან. საუბარია – საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე, ანტიკორუფციული ზომების მიღებაზე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე, მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნაზე და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე ჩართვაზე. ხოლო ის, რაც სტატუსმეტრის თანახმად მეტწილად შესრულებულად ითვლება – გენდერული თანასწორობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ახალი სახალხო დამცველია.
ერთი თვე რჩება მანამ სანამ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის პროგრესს შეაფასებს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს ეს დრო, რათა ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა.