მთავარიგადაცემებითვითმხილველიტენერიფეს ხანძარი - როგორ დაემსგავსა სამოთხის მსგავსი კუნძული ჯოჯოხეთს

ტენერიფეს ხანძარი – როგორ დაემსგავსა სამოთხის მსგავსი კუნძული ჯოჯოხეთს

ტყის ხანძარები სულ უფრო მეტი ტერიტორიას ანადგურებს მსოფლიოს მასშტაბით. მიზეზი კი ხშირად ადამიანია: დაუდევრად დანთებული კოცონი და გადადებული სიგარეტი, ან სულაც ბორტი განზრახვით გაჩაღებული ცეცხლი.

ტენერიფე აგვისტოში, როგორც წესი ტურისტების სამოთხეა. მაგრამ წელს ეს  სამოთხის მსგავსი კუნძული ცეცხლმოკიდებულ ჯოჯოხეთს დაემსგავსა. კლიმატის ცვლილებამ კანარის კუნძულები ნაცრის გროვად აქცია.

სულ რამდენიმე დღეში მასშტაბურმა ხანძარმა  15 ათასი ჰექტარი ტყე შთანთქა. მაშველებმა 13 ათასი ადამიანი გაიყვანეს. მაგრამ ტურიზმი, ტენერიფეს ეკონომიკის მთავარი სექტორი, მაინც ძველებურად აგრძელებს საქმიანობას.

ანტონიო მეტისმეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე. იგი პუერტო-დე-ლა-კრუსში მცირე რესტორანს მართავს თავის მეუღლესთან ვიქტორიასთან ერთად. ისინი ამაყობენ იმით, რომ კლიენტებისთვის თავიანთ ნაკვეთში მოწეული კარტოფილის, ბოსტნეულისა და ხილის შეთავაზება შეუძლიათ. თუმცა ეს, როგორც ჩანს, აღარ გამოვა. ანტონიო მისი დიდი ბაბუის დარგულ წაბლის ხეს გვაჩვენებს, რომელიც დაიწვა, თან ცრემლს ვერ იკავებს, ნაცარტუტად ქცეულ არე-მარეს რომ უყურებს.

„საშინელებაა, საიდანაც არ უნდა შეხედო, საშინელებაა, ყველაფერი გაუბედურდა. საზარელი შედეგია, ბარბაროსული და დაუჯერებელი,“ – ამბობს ანტონიო. “ვერავინ იფიქრებდა, რომ ცეცხლი აქამდე მოაღწევდა, მაგრამ ის ისე ხარბად, ისეთი სიძლიერით მოიწევდა წინ, რომ ცეცხლის ალი 40-50 მეტრის სიმაღლეს აღწევდა და ერთადერთი, რისი გადარჩენაც მოვახერხე, ეს ძაღლი იყო.  მაინც რა ხდება აქ, ჩვენს მხარეში? ასეთი ბარბაროსული ხანძარი იმიტომ მივიღეთ, რომ აქური მიწები მიტოვებულია, ფაქტობრივად, ყველა. ამ კუნძულზე სახნავ-სათესი მიწების 60 პროცენტი მიტოვებულია.“

მისი მეგობარი მიგელ სალასარ ხასინტოც ეთანხმება:

„დიდი ცვლილებები მოხდა. იმის გამო, რომ ადრე არ იყო ბუნებრივი აირი, სხვა გზა არ გქონდა, სადილი შეშაზე უნდა მოგემზადებინა. ამიტომ ტყე სუფთავდებოდა, თანაც იქ დიდი რაოდენობით საქონელიც შედიოდა, ამიტომ ტყე უფრო სუფთა იყო. აქ სამი ათას სულზე მეტი საქონელი ჰყავდათ, ახლა კი ასი ძროხაც არ იქნება დარჩენილი.“

მე შევძელი ბრძანების გამცემ ცენტრს დავკავშირებოდი. მეხანძრეების  ხელმძღვანელებმა, სამოქალაქო დაცვამ, პოლიციამ და სამხედრო ძალებმა გადაწყვიტეს, ხანძრის ჩაქრობის მიზნით ავიაციის გამოყენება გააგრძელონ. პრობლემას გაშენებული ტერიტორია ქმნის: ირგვლივ სახლებია, ძალიან ახლოს ცეცხლმოკიდებულ ტყესთან.   ამ მოსაზრებას ესპანეთის ეკოლოგიური გარდაქმნის მინისტრი ტერესა რიბერა როდრიგესიც  იზიარებს:„ჩვენ ინვესტიციები უნდა ჩავდოთ პროგნოზისა და ადრეული განგაშის სისტემებში. ინვესტიციები უნდა ჩაიდოს საგანგებო მდგომარეობის მართვის სპეციალისტებში, რომლებიც ტყის ხანძრებს ებრძვიან.“

რატომ  გავრცელდა ცეცხლი ასე სწრაფად ძალიან მოკლე პერიოდში? 

მთის ხეობებში ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება გამხმარი ტოტები. სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელი მონსერატ რომან კასამარტინა    გვიხსნის, რომ ცეცხლმა საკუთარი კლიმატი შექმნა: ექვსკილომეტრიანი სიმაღლის კვამლის სვეტი, რომელიც ნაპერწკლებს ყველა მიმართულებით ისროდა. რომანი ადასტურებს, რომ კლიმატის კრიზისსაც მიუძღვის წვლილი ხანძრებში:

„ჩვენთან სულ  უფრო ხშირია ძლიერი სიცხე, მაღალი ტემპერატურა და გვალვა. ჩვენი აზრით, კლიმატის ცვლილებას ნამდვილად მიუძღვის წვლილი პირობების გამკაცრებასა და ხანძრების გამწვავებაში.“

პროფესიონალები კანარის კუნძულებიდან გვაფრთხილებენ: უარესი წინაა

ტყის ცუდი მართვისა და მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო კანარის კუნძულები დენთის კასრად გადაიქცა.  დაუდევარი მართვა, კლიმატის კრიზისი და ხანძრის გამჩაღებლები ერთ საქმეს აკეთებენ. ერთმა ხანძარმა გადაირა, მაგრამ შემდეგი უკვე რიგში დგას…

 

ავტორი: ჰანს ვან დერ ბრელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend