მთავარისაქართველო"საჭიროა მეტი რეფორმა, მეტი პროგრესი" - ერთი თვე ევროკომისიის შეფასებამდე

“საჭიროა მეტი რეფორმა, მეტი პროგრესი” – ერთი თვე ევროკომისიის შეფასებამდე

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“- კონფერენცია თბილისში

„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ – რიგით მეორე კონფერენცია თბილისში საქართველოს ევროკავშირთან თავსებადობის ტექნიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე ისაუბრეს. ფართო საზოგადოებისა და მედიისთვის დახურული ფორმატის შეხვედრაზე, საპარლამენტო პოლიტიკურმა წარმომადგენლობამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, სამოქალაქო სექტორმა და ევროკავშირის ელჩმა მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, კიდევ ერთხელ შეახსენა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გარდა მოკლე დროში საქართველოს დამატებით 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი. ელჩი მარტივი და პირდაპირი დიპლომატიური ენით მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ საქმე აკეთონ რეალურად და არა თვალის ასახვევად, რადგან ევროკავშირში არავინ მოტყუვდება.

„ჩვენ ამ შეხვედრის ფარგლებში ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს ვესაუბრებით. მთავარი საკითხია საქართველოს თავსებადობა ევროკავშირთან. განსაკუთრებით კი ვსაუბრობთ მიმდინარე მოთხოვნებზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა ფაქტებით. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერა ევროინტეგრაციისადმი. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შიდა მზადებაზე. ჩვენ, ევროკავშირი, მზად უნდა ვიყოთ მომავალი გაფართოებისთვის.

ამიტომ თქვენთვის დაწესებული ყველა პრიორიტეტის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეპ ბორელისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა, ჩვენ განსაკუთრებულად ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხში, სადაც მთავრობამ უნდა წარადგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით, რაც მთავარია, მიაღწიოს იმდენად დიდ პროგრესს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ყველა საკითხში.

რამდენიმე კვირაა დარჩენილი ანგარიშის გამოქვეყნებამდე. როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ. დეკემბრის ბოლოს უნდა შეიკრიბონ პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ერთობლივად გადაწყვიტონ. ამიტომ მოგიწოდებთ რეფორმებისკენ, რომ მეტი პროგრესი აჩვენოთ ამ მოკლე დროში“, – განაცხადა ელჩმა.

გადაწყვეტილების მიმღები პირები ხელისუფლებიდან ამბობენ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერია. თუმცა მოწოდებების მიუხედავად, რომ ნამდვილი პროგრესი აჩვენონ ევროკავშირის სტრუქტურებს, კვლავ ირწმუნებიან, რომ ყველა მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებულია. ოპოზიციონერ კოლეგებს კი ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებენ.

„ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართული პოლიტიკა მოიცვა 12 რეკომენდაციის საკითხმა და თითქმის დღე არ გადის, რომ ეს არის იყოს თემა, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღეს, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა გახსნილია ევროკავშირთან დაახლოების მხრივ, ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენების ერთ-ერთი პასუხი სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაშია. მეორე მხრივ, ევროკავშირთან დაახლოება უფრო მეტია, უფრო ვრცელია და უფრო ღრმაა, ვიდრე 12 რეკომენდაციაა. საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს ასოცირების შეთანხმება და დღის წესრიგი, რომელშიც გაწერილია, თუ რას ნიშნავს იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, სფეროები, სექტორები, სადაც სახელმწიფო, მისი ინსტიტუტები თავის მოწყობით და შინაარსით უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირის გამოცდილებაზე დაყრდნობილ მოწყობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, ევროკავშირისგან ხისტი და არა დიპლომატიური ენით ითხოვენ კანდიდატის სტატუსის მიღებას, რომელიც მათი განცხადებით დამსახურებებსა და მიღწევებს ნაკლებად ეფუძნება.

„ანტიდასავლური კამპანია და რიტორიკა, რომელიც მათ შორის ამ შეხვედრაზეც გვესმის პარლამენტის თავმჯდომარისგან და საერთოდ „ქართული ოცნებიდან“, სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების მორიგი დემონსტრირება, რომ მას კანდიდატის სტატუსი არა დამსახურებაზე დაფუძნებით, არამედ შანტაჟის ენით სურს რომ მიიღოს“, –  განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

პოლიტიკოსების მიერ შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და მიდგომებს, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე, ხალხის ნებისგან აცდენილს უწოდებენ სამოქალაქო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმედგაცრუებული არიან ოპოზიციისა და განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსების გამო. მათი თქმით, არც ერთი მხარე არ არის მზად გამოხატონ რეალური პოლიტიკური ნება, ნამდვილად შესრულდეს მოთხოვნები, რომლებიც ქართველ ხალხს და ამ ქვეყანას ჭირდება.

„ყოველდღე ვუყურებთ პოლიტიკოსების გაუთავებელ კინკლაობას, ჩხუბს, დავას, იმის მაგივრად რომ საქმე აკეთონ და რეალისტური გადაწყვეტილებები მიიღონ ამ ქვეყნის სწრაფად ევროინტეგრაციისთვის. მათი ასეთი პოლიტიკა საქმის კეთებისკენ არ არის მიმართული და ორიენტირებულები მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის დამარცხებისკენ არიან, რაც ძალიან ცუდია მათთვისაც. ჩვენ ვხედავთ მათ რეიტინგებსაც საზოგადოებაში. მათი პოლიტიკა აცდენილია და შორსაა ხალხის საჭიროებებისგან. ყველაფერი მარტივად დევს ზედაპირზე, რაც უნდა შეასრულონ, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ, რომ ჰქონდეთ პოლიტიკური ნება. პირველ რიგში ეს არის მართლმსაჯულების ნამდვილი რეფორმა. ეს გასაკეთებელია და უნდა გავაკეთოთ ახლა. ასევე მედიის თავისუფლება, დეპოლარიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა ლაშა ტუღუშმა.

კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ ძირითადად, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ტექნიკური საკითხების განხილვისთვის იმართება. თუმცა დამატებული 12 რეკომენდაცია მიმდინარე შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა აღმოჩნდა. დახურული ფორმატიდან გამომდინარე საუბრის მეტი დეტალი უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend