მთავარიაფრიკალიბია5000-ზე მეტი დაღუპული და ათი ათასამდე დაკარგული - კატასტროფიდან 4 დღის შემდეგ...

5000-ზე მეტი დაღუპული და ათი ათასამდე დაკარგული – კატასტროფიდან 4 დღის შემდეგ ლიბიაში კვლავ მძიმე ვითარებაა

ადგილობრივი: „ხეობებში უგზო-უკვლოდ დაკარგულები გვყავს და არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ უკვე აღარ“.

5000-ზე მეტი დაღუპული და ათი ათასამდე ადამიანს ეძებენ ლიბიაში – მას შემდეგ, რაც 10 სექტემბერს ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთს თავს დაატყდა ციკლონი „დენიელი“ ქარიშხლითა და ძლიერი წვიმით, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია. დანგრეულია ასეულობით შენობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა საპორტო ქალაქ დერნაში, სადაც წყალდიდობამ ორი კაშხალი დაანგრია. ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქში მაშველები და ახლობლები ათასობით დაკარგულს ეძებენ.

დანგრეული ქალაქი, დამტვრეული მანქანები, 3 მეტრი სიმაღლის ტალახი და ადამიანები რომლებიც ამ ტალახში ახლობლებს ეძებენ. ლიბიის საპორტო ქალაქ დერნაში ტრაგედიიდან 4 დღის შემდეგაც მძიმე ვითარებაა. ცხედრების ნაწილი ტალახსა და ნამსხვრევებშია დამარხული, ნაწილი კი ზღვაშია.

ქარიშხალმა და ძლიერმა წვიმამ ლიბიის ბევრ ქალაქში გამოიწვია წყალდიდობა, თუმცა დერნა ყველაზე მეტად დაზარალდა. მისი 25% მთლიანადაა განადგურებული. აქ წყალდიდობამ ორი კაშხალი დაანგრია. ქალაქს კი არ ჰქონდა ევაკუაციის გეგმა, შესაბამისად მოსახლეობისთვის გაფრთხილების ერთადერთი ნიშანი კაშხლების აფეთქების ხმა იყო.

„ხეობებში უგზო-უკვლოდ დაკარგულები გვყავს და არ ვიცით ცოცხლები არიან თუ უკვე აღარ“,- ამბობს აბდულრაჰიმ ალშარიფი.

„ეს არის კატასტროფა, რომელიც გასცდა ჩვენს წარმოდგენებს. გვეგონა, რომ ეს იყო მხოლოდ წყალდიდობა, მაგრამ ტალახი ყველაზე დიდ პრობლემად იქცა. ცხედრები დამარხულია ტალახისა და ნამსხვრევების ქვეშ. აქ 3 თუ 4 მეტრის სიმაღლის ტალახია. ვლოცულობთ, ღმერთს ვევედრებით, რომ ეს გადავიტანოთ და ცოცხლები ვიპოვოთ ჩვენი ოჯახის წევრები“, – ამბობს მუსა იბრაჰიმი, გადარჩენილი.

ქალაქ დერნაში დაღუპულთა დიდი რაოდენობის გამო ათასობით ცხედარი მასობრივ საფლავებში დამარხეს. დაზიანებული ხიდების, დატბორილი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო მაშველების ჩასვლამდე, ქალაქის მოსახლეობას თავად ამოჰყავდა ცხედრები წყლიდან თუ ტალახიდან. საპორტო ქალაქის მერის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება სამჯერ ან მეტჯერ გაიზარდოს.

დერნას დაახლოებით 90 000 მოსახლე ჰყავდა, კატასტროფის გამო 30 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend