მთავარიმსოფლიოევროპაურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშით წარდგა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშით წარდგა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს სტრასბურგში ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. ეს იყო მისი ბოლო მიმართვა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარდება. გავლილი წლის შეჯამების შემდეგ, სიტყვით მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, მიგრაცია და რუსეთის ომი უკრაინაში. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიულ და უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ პოზიციას, რომ იგი ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ გახდეს 30-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ბლოკი, რადგან ეს მხოლოდ გაზრდის ევროკავშირის გეოპოლიტიკურ წონასა და ქმედითუნარიანობას.

,,ევროკომისია დაიწყებს თავისი პოლიტიკის გადახედვას გაფართოებისთვის მოსამზადებლად, რათა ვნახოთ, თუ რა მხრივ იქნება საჭირო ცვლილებების შეტანა. მოგვიწევს დავფიქრდეთ ჩვენს ინსტიტუტებზე, თუ როგორ შეიცვლება ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მუშაობა. უნდა დავგეგმოთ ჩვენი ბიუჯეტის მომავალი და თუ რის დასაფინანსებლად გამოვიყენებთ მას.  ევროკავშირში  გაწევრებას დამსახურება სჭირდება. კომისია ყოველთვის დაიცავს ამ პრინციპს. ბევრი მუშაობაა საჭირო, თუმცა უკვე ვხედავთ პროგრესს. ვხედავთ, თუ რამდენად შორს წავიდა უკრაინა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ვხედავთ სხვა კანდიდატი ქვეყნების მონდომებასაც. მომავალი ცხადია. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია. მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპქტივა უამრავი ქართველისთვის”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საფრთხეები – რუსეთი და ჩინეთი

გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა რუსეთის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში მსოფლიო შეცვალა. თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ ევროპული გეოპოლიტიკური კავშირი, რომელიც გვერდში უდგას უკრაინას და წინ უდგება რუსეთის აგრესიას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთზეც. მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე სახელმწიფო სუბსიდიების მეშვეობით სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს არღვევს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია იწყებს გამოძიებას ჩინეთიდან შემოსული ელექტროავტომობილების სუბსიდირების შესახებ.

,,ელექტროავტომობილების ინდუსტრია უმნიშვნელოვანესია სუფთა, მდგრადი ეკონომიკისთვის და მას ევროპაში უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ჩვენ ვხედავთ იაფ ელექტროავტომობილებს ჩინეთიდან, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიების მეშვეობით ფასების ხელოვნურად დაწევას იწვევს. ეს ჩვენ ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ. ამიტომ, დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ კომისია იწყებს გამოძიებას ჩინეთიდან შემოსული ელექტროავტომობილების სუბსიდირების შესახებ“, ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოძიებისა, ევროპა ღიაა კონკურენციისთვის და ინარჩუნებს დიალოგს ჩინეთთან.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ევროკავშირის წინაშე არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე. მისი თქმით, ისეთი პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, ხელოვნური ინტელექტი, ინფლაცია თუ სხვა, გაერთიანებული ევროპაა საჭირო. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა შექმნას თავისუფლებასა და მშვიდობაზე დაფუძნებული კონტინენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend