საქართველოს საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წელი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ასევე სულ რამდენიმე დღე რჩება სასწავლო წლის დაწყებამდე და იმ დღემდე, როდესაც მოზარდები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. ამასთან ერთად კი ინფექციონისტები ამბობენ, რომ შემოდგომაზე გახშირდება სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები, და მაშინ როდესაც ბავშვები თუ მოზარდები სასწავლო თუ სააღმზრდელო წლის ძირითად დროს ერთად ატარებენ – აუცილებელია იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც მათ ვირუსებისგან დაიცავს.
მაღალი ტემპერატურა, სურდო, სისუსტე, ყელისა თუ თავის ტკივილი – საქართველოში ცივი ამინდების დაწყებასთან ერთად, იწყება ვირუსების გააქტიურების სეზონიც და შესაბამისად, ის დრო, როდესაც მშობლები შვილების ვირუსებისგან დაცვის მიზნით ექიმებს რეკომენდაციებისთვის მიმართავენ. ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება, ხელების ხშირი დაბანა, დისტანციის დაცვა და სამედიცინო პირბადის ტარება – ის წესებია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველასათვის კარგად ნაცნობია და რომელთა დაცვაც ვირუსებისგან თავის დაცვის დროსაც აუცილებელია.
საქართველოში ნოემბერი ის თვეა, როდესაც ექიმები ვირუსული დაავადებების გააქტიურებას ელოდებიან. ამ დროს იზრდება ამბულატორიული დახმარებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელიც.
გრიპის შემთხვევების მატებას კი საქართველოში შემოდგომის ბოლოს, ზამთრის პირველ ნახევარში ელოდებიან. ექიმები ამბობენ, რომ გრიპის ვირუსით დაავადების დროს რისკჯგუფში არიან 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული პირები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ამ ფაქტის გამო ექიმები მათ მოუწოდებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცილებლად აიცრან.