მთავარიევროპაუკრაინაოკუპირებული სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა ძლიერი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა

ოკუპირებული სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა ძლიერი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სევასტოპოლის საზღვაო ქარხანას დილიდან კვამლი ასდის. გვიან ღამით აფეთქების ხმა მთელ სევასტოპოლში ისმოდა. კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი საკუთარ ტელეგრამარხზე წერდა, რომ ქარხნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ობიექტებზე ხანძარი იყო, რომელიც ათობით სარაკეტო იერიშის შედეგად გაჩნდა. მოგვიანებით კი რაზვოჟაევმა დაწერა, რომ დაზიანდა ორი საზღვაო ხომალდი და დაიჭრა 24 ადამიანი.

სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზიანებული ხომალდი სამხედრო სადესანტო საშუალებაა, მეორე კი – წყალქვეშა ხომალდი.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევასტოპოლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ უკრაინის არმია აქტიურ შეტევით ოპერაციებს კვლავ აგრძელებს.

ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინა დამატებით სამხედრო დახმარებას დანიიდან მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინელი სამხედროების გაძლიერება მთავარი ამოცანაა.

„დღეს დანიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თავდაცვის უმსხვილესი მეთორმეტე პაკეტი გადმოგვეცემა. ეს ახალი პაკეტი 800 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებისაა. შინაარსობრივად ეს არის ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით დანიის პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო გუნდთან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ სევასტოპოლზე იერიშის დროს 10 ფრთოსანი რაკეტა და სამი საზღვაო დრონი გამოიყენა. ეს იერიში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ძლიერი შეტევაა რუსულ ობიექტებზე. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სევასტოპოლის საზღვაო ქარხანას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სწორედ აქ რემონტდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend