უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში – დონეცკის ოლქში დაშავებული უკრაინელი სამხედროები ფრონტის წინა ხაზიდან ყოველდღიურად გამოჰყავთ, რადგან ფრონტის ამ მიმართულებაზე, ბახმუტის გარეუბნებში, სასტიკი ბრძოლები გრძელდება. უკრაინის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, თავდაცვის ძალები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ. სასტიკი ბრძოლების შედეგად რუსი ოკუპანტებისგან ტერიტორიები თავისუფლდება. შეტაკებებია დონეცკის რეგიონში დასახლება ოპიტნეს ფლანგზეც. თითოეულ გათავისუფლებულ მეტრს კი თავისი საფასური აქვს დაშავებული სამხედროების სახით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფრონტის სამხრეთ მიმართულებაზე – მელიტოპოლის ფლანგზე და აღმოსავლეთით – დონეცკისა და ბახმუტის ფლანგზე – ოპერატიული მდგომარეობა რთულია და სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის შეტევებს იგერიებენ და ძლიერ წინააღმდეგობას უწევენ თავდაცვის ძალებს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 10 სარაკეტო და 53 საავიაციო იერიში მიიტანა. გარდა ამისა, რუსებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციები და მშვიდობიანი დასახლებები საარტილერიო საშუალებებით 56-ჯერ დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის, ანდრიი კოვალოვის თქმით, ღამით რუსებმა დაკარგული პოზიციების დაბრუნება სცადეს და არაერთხელ შეუტიეს უკრაინელთა პოზიციებს. მისივე ინფორმაციით, ზაპორიჟიის ოლქში რობოტინოსა და ნოვოდანილივკის ფლანგზე 10-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს და დასახლება რობოტინოს სამხრეთ აღმოსავლეთ მიმართულებაზე წინ წაიწიეს.
ფრონტის სამხრეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლების შესახებ რუსებიც საუბრობენ. სამხედრო ბლოგებზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რობოტინოს სამხრეთით მდებარე დასახლება ნოვოპროკოპივკის ჩრდილოეთ ნაწილში არტილერიითა და სახმელეთო ჯარებით შეტევა წამოიწყეს. ოფიციალური კიევის ცნობით კი, უკრაინის შეირაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რუსული არტილერიის საწინააღმდეგო მოქმედებებია.