სომხეთში სომხურ-ამერიკული სამხედრო სწავლება გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სამხედრო წვრთნებში 90-მდე ამერიკელი და 180-მდე სომეხი სამხედრო მონაწილეობს. სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს “ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის ფარგლებში სომხური სამშვიდობო ქვედანაყოფის მომზადებას – 20 სექტემბერს დასრულდება. სამხედრო წვრთნები დედაქალაქ ერევნის მახლობლად მიმდინარეობს.
სამხედრო სწავლება – Copyright სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ გვერდი
ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო სწავლება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას. სამხედრო სწავლებას, რომელშიც კანზასის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროები მონაწილეობენ საფუძვლად უდევს სომხეთის მიერ კანზასის ეროვნულ გვარდიასთან 2003 წელს გაფორმებული მემორანდუმიც. ეს სწავლება კი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც სომხეთი რუსეთის მიერ ინიციირებული კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და ამავდროულად სომხეთის ტერიტორიაზე ამიერკავკასიაში ერთ-ერთი დიდი რუსული ბაზა ფუნქციონირებს.