მთავარისაქართველო"საქართველოს მთავრობას პარლამენტი არაეფექტურ კონტროლს უწევს" - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

“საქართველოს მთავრობას პარლამენტი არაეფექტურ კონტროლს უწევს” – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

გასული 6 თვის განმავლობაში, სამთავრობო უწყებებზე არაეფექტური საპარლამენტო კონტროლი განხორციელდა, რისი მთავარი მიზეზიც, მმართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ნების არ ქონაა. ეს დასკვნა წარმოდგენილია ახალ კვლევაში, რომელიც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციას „ქართული ოცნება“ ზღვარს უწესებს, ზღუდავს მინისტრების მოწვევასა და მათ გამოკითხვას. ანგარიშის ავტორების განცხადებით, მთავარი შეზღუდვები უსაფრთხოების უწყებებზე მოდის, როგორიცაა – შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ასევე სუსი.

“ჩვენი კვლევის საანგარიშო პერიოდში, რომელიც გასულ 6 თვეს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სამინისტროების საპარლამენტო კონტროლი არასათანადოდ ხორციელდება. ანგარიშვალდებული უწყებები სრულ იგნორს უკეთებენ პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თავისთავად დეპუტატებს. განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომიტეტზე დაბარებული მინისტრები სხვადასხვა მიზეზით პარლამენტში არ გამოცხადდნენ და მათ მაგივრად მოადგილეები გამოუშვეს, რაც რეგლამენტის მოთხოვნების უხეში დარღვევაა. უპასუხოდ ტოვებენ დეპუტატების მიერ წერილობით გაგზავნილ ასობით კითხვას და ასე შემდეგ. გამოდის, რომ ძალოვანი უწყებების პირველი პირები სერიოზულად არ უყურებენ პარლამენტის საქმიანობას, ან კიდევ უფრო სხვა მიზეზები იკვეთება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის ერიდება ამ მინისტრების “შეწუხებას” და ძირითად შემთხვევებში არ ინტერესდება მათი საქმიანობის დეტალებით. არსებობს ისეთი შეხვედრებიც, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისათვის სრულად დახურულია”, – აცხადებს DRI-ის დირექტორი თამარ ხიდაშელი.

შეხვედრას საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი დეპუტატი დაესწრო. მათი განცხადებით, უსაფრთხოების სექტორში შემავალი სახელმწიფო უწყებების პირველი პირების პარლამენტთან ანგარიშვალდებულება უკიდურესად დაბალია და ამის მაგალითებიც მოჰყავთ.

“ბერკეტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს გვაქვს, რომ გავაკონტროლოთ და პასუხი მოვთხოვოთ განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ხშირად არ მუშაობს და ჩვენს მოთხოვნებსა და მიმართვებზე არ რეაგირებენ. მინისტრები არ მოდიან პარლამენტში, როდესაც ვიბარებთ, ან მოდიან 8 თვის შემდეგ. სადეპუტატო კითხვებს, რომლებიც მე პირადად უამრავი მაქვს გაგზავნილი სხვადასხვა მინისტრთან, არ პასუხობენ. ან ზოგადი პასუხით შემოიფარგლებიან. ვაგროვებთ ამ წერილებს და ისტორიას რჩება. ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელოვნად აზიანებს”, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტში მანკიერი პრაქტიკა გრძელდება, რაც კრიტიკული შეკითხვებისგან გუნდის წევრი “მინისტრების დაცვას” გულისხმობს, ეს კი საზოგადოებისათვის რიგ საკითხებზე მეტი სიცხადის გამჟღავნებას ხელს უშლის. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოწვევის გაგზავნის მიუხედავად ანგარიშის პრეზენტაციას მმართველი პარტიის წევრი დეპუტატები არ დაესწრნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend