პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას დაერთვება თან. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრობს, რომ ვინც იმპიჩმენტის მომხრე იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.
პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი პირველ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, ეს არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესის საბოტაჟი.
პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ მმართველ გუნდში და განმარტავენ, რატომ მიიღეს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. თუმცა პროცედურის ბოლომდე მისაყვანად 100 კანონმდებლის ხელმოწერაა აუცილებელი, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.
ანა ალელიშვილი