ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა თანამდებობა დატოვა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელ ქალს მისი თანხმობის გარეშე ტუჩებში აკოცა. ამ ამბავმა მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ქალთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებაც კი გადაფარა. რუბიალესმა გადადგომის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
ესპანეთმა 20 აგვისტოს ინგლისის ნაკრები დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რუბიალესმა კი დაჯილდოების ცერემონიის დროს ჯენი ერმოსოს აკოცა.
ერმოსომ რუბიალესს უჩივლა. ესპანელმა სახელმწიფო პროკურორებმა რუბიალესი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მას ფიფამ უკვე შეუჩერა უფლებამოსილება. სადისციპლინო საბჭო მის საქმეს განიხილავს. რუბიალესი ასევე აცხადებს, რომ მან უეფას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.