მთავარისაქართველოჟოზეპ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა

ჟოზეპ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს შეხვდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ოფიციალური შეხვედრების პროტოკოლში საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, შეხვედრა გაერთიანებული ფორმატით გაიმართა პარლამენტის სპიკერთან, უმრავლესობისა და ოპოზიციონერ დეპუტატებთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ზოგადად და მოკლედ ისაუბრა ჟოზეპ ბორელის გზავნილებზე. მეტი თქვა „ქართული ოცნების“ გუნდის პოზიციაზე, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ შენიშვნებსა და მოწოდებებს შეიცავდა.

“ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიების ეს ნაწილები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ე.წ. ტერმინოლოგიურ გამიჯვნას ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის – ხალხისა და ხელისუფლების მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეხვედრა „ქართული ოცნებისთვის“ – ასე შეაფასეს შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჟოზეპ ბორელთან საპარლამენტო ფორმატში გამართული შეხვედრა. მათი განცხადებით, ხელისუფლებას დამარცვლით უთხრეს, რომ გადაბრალებების, კონტრბრალდებებისა და ფორმალური გადაწყვეტილებების ნაცვლად, რეალურად განახორციელოს ის რეფორმები, რაც 12 რეკომენდაციაშია მოცემული. რადგან ხელისუფლებაა ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელი და არავინ სხვა.

“ეს იყო უმძიმესი შეხვედრა “ქართული ოცნებისთვის”. ბორელმა თქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან ცალსახად მხოლოდ 3 პრიორიტეტია შესრულებული. ხოლო დანარჩენისთვის პროგრესი მაინცაა საჭირო. ხელისუფლება დაკავებულია გადაბრალებებით, იმის მაგივრად რომ დაჩქარებულად აკეთოს საქმე, ისე როგორც საჭიროა. ოპოზიციაც უნდა იყოს თანამშრომლობის რეჟიმში და ვართ კიდეც, სადაც ამის შესაძლებლობაა და სადაც “ქართული ოცნება” ამის რეალურ საშუალებას გვაძლევს”, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

მედიასთან განცხადებები მხოლოდ ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა და დელეგაციის სხვა წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend