მთავარისაქართველო"ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი - ნიქოზი" დასრულდა

“ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი – ნიქოზი” დასრულდა

ოსკარის ნომინანტი რეჟისორები, არაერთი საერთაშორისო პრიზის მქონე, დამწყები თუ მოყვარული ანიმატორები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალმა გააერთიანა. სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით აქ არ არიან გამარჯვებული და დამარცხებული მონაწილეები, ფესტივალის ორგანიზატორების არჩევანი იყო, რომ ფესტივალს არ ჰქონოდა საკონკურსო ფორმატი.  ნიქოზის ფესტივალზე პრიორიტეტი ენიჭება ძველი შედევრებისა თუ ახლად შექმნილი ფილმების ჩვენებას. „ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი“ პირველად 2011 წელს ჩატარდა, 2017 წელს კი „ევროპული ფესტივალების ასოციაციამ“ ნიქოზის ფესტივალს ხარისხის ნიშანი მიანიჭა და იგი ევროპული ფესტივალების ნაწილი გახდა.

“ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის” ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია ანიმაციის ოსტატობის გაკვეთილები, სადაც მსოფლიო დონის რეჟისორები ქართველ სტუდენტებსა და ანიმაციის მოყვარულებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და პრაქტიკულ რჩევებს აძლევენ.

2008 წლამდე, ნიქოზში მონასტერთან არსებული მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია მოქმედებდა, რომელიც აგვისტოს ომის დროს მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა. ომის შემდეგ, უცხოელი თუ ადგილობრივი გულშემატკივრების დახმარებით გაცოცხლდა ანიმაციური სტუდია და დაარსდა ხელოვნების სკოლა. ამ სკოლის გააქტიურების შემდეგ დაიბადა ფესტივალის დაარსების იდეაც და მას შემდეგ ნიქოზის საეპისკოპოსო უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალს.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, გარდა იმისა, რომ “ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზი” არის ანიმაციის პოპულარიზაციისა და განვითარების ადგილი, 2008 წლის ომის შემდეგ მას ამ რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება – იგი ნგრევის სანაცვლოდ, შენების, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სიყვარულისკენ მოწოდებაა.

საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზი გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტით ოვაციების ფონზე დასრულდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend