მთავარიფოკუსიუზბეკეთის არალის ზღვის გაუდაბნოებულ რეგიონს ისევ ამწვანებენ

უზბეკეთის არალის ზღვის გაუდაბნოებულ რეგიონს ისევ ამწვანებენ

არალის ზღვა ნახევარ საუკუნეზე მეტია შრება და მის ადგილზე გაუდაბნოების პროცესი მიდის, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მარილნარევი ქვიშის მტვრითაც აწუხებს. თუმცა, ინოვაციური მეთოდებით გაუდაბნოების პროცესის შეჩერებაც შესაძლებელია.

გასული საუკუნის 60-იან წლებში ეს ნახევარუდაბნოს ზონა წყლით იყო დაფარული და არალის ზღვის ნაწილს წარმოადგენდა. იმ დროს ის მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ტბა იყო, მაგრამ ახლა მაშინდელი ზომის მეათედიც აღარ არის დარჩენილი.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია გარემოს დაცვის თვალსაზრისით საბჭოთა ეპოქაში  იყო არალის ზღვის მკვებავი მდინარეების ბამბის პლანტაციების მოსარწყავად მიმართვა.

ქალაქი მუინაკი ერთ დროს ტბის პირას იდგა. ახლა ეს ადგილი არალყუმის უდაბნოდაა გადაქცეული.

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში აშენებენ ნარგავებს, რომლებსაც შეუძლიათ, გაუდაბნოების პროცესი  შემოაბრუნონ. უკვე ასობით მილიონი ჰექტარია დაფარული მცენარეებით. ერთ-ერთი მათგანია შავი საქსაული, რომელიც ცნობილია ამტანობით და უძლებს ხანგრძლივ გვალვას. ის აკავებს ჰაერში მარილისა და ქვიშის გაბნევის პროცესს, რომელიც შემდეგ ქარს დასახლებულ ადგილებში მიაქვს.

“მცენარეები ფესვებით იჭერენ ნიადაგს, მარილსა და ქვიშას ერთ ადგილზე ამაგრებენ. ეს მცენარეები გამოყოფენ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშირორჟანგს – ესეც დადებით შედეგს იძლევა,“ – ამბობს ზინოვი ნოვიცკი, არალის ზღვის დამშრალი ფსკერის გატყიანების უზბეკეთის სახელმწიფო პროგრამის  მთავარი კურატორი.

ყოველ წელს ქვიშის ქარს  არალის ზღვის ყოფილ ტერიტორიაზე ჰაერში ააქვს  100 მილიონ ტონაზე მეტი მტვერი და ტოქსიკური ნივთიერება, როგორებიცაა სასუქისა და პესტიციდების ნარჩენები. ახლა აქ შავი საქსაული დგას ფარად.

„საქსაული მექანიკურ წინაღობას ქმნის. ერთ საქსაულს ერთი ტონა ტოქსიკური ქვიშისა და მარილის შეკავება შეუძლია. ამის გარეშე ეს ყველაფერი ჰაერში გაიფრქვეოდა და ძალიან შორს გავრცელდებოდა,“ – განმარტავს  ზინოვი ნოვიცკი.

როდესაც არალის ზღვა გაქრა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მხოლოდ სათევზაო ინდუსტრია კი არ დაკარგა, რომელიც საბჭოთა კავშირში თევზის მიწოდების მეექვსედს შეადგენდა, არამედ ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა ჰარეში გაფანტული ტოქსიკური მტვრის გამო.

ამ ზღვამ მორწყა უდაბნო, სადაც ბამბისა და მარცვლეულის მოყვანა გახდა შესაძლებელი, მაგრამ თავად თანდათან დაშრა. აქ ერთ დროს თევზის რეწვის ცენტრი იყო, მაგრამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ ზღვის 10 პროცენტიღა დარჩა და ისიც შრება. რაც დარჩა, ისრაელის მკვდარ ზღვას ჰგავს, რომელიც მთელ მსოფლიოში ხმელეთზე შემოჭრილი ერთი-ერთი ყველაზე დიდი მლაშე წყალსატევია.

დასავლეთ არალის ნაპირი დღითიდღე უკან იხევს, ხოლო მარილის კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ თევზი გაქრა.

წყლის ნაპირი ახლა 150 კილომეტრით არის დაშორებულ მუინაკიდან, რომელიც ერთ დროს აყვავებული საპორტო ქალაქი იყო. ამ რეგიონის აღდგენას კიდევ ერთი პროექტი ემსახურება, რომელსაც ჰქვია „ჩემი ბაღი არალის ზღვაში“. ამ პროექტის ფარგლებში გაშენებული მწვანე ტყის მასივი მუინაკიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. პროექტის მიზანია  ერთი მილიონი ხის დარგვა.

იფანი, თელა, ტირიფი და კატალპა უკვე შეარჩიეს იმის გამო, რომ ეს ჯიშები კარგად იტანენ გვალვასა და რთულ პირობებს. ნელ-ნელა გაუდაბნოების პროცესი პირს იბრუნებს.

ბახიჯან ხაბიბულაევი, არალის ზღვის აუზის საერთაშორისო ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი:

“ჩვენ გვსურს ამ რეგიონის ეკოსისტემის აღდგენა ისე, რომ ასეთი ოაზისები სხვა დასახლებებშიც შეიქმნას. მისი მიზანია მარილიანი ქვიშის გავრცელებისა და ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო  პროცესის ხელშეწყობა“.

მუინაკის რაიონში კიდევ სამ მეტეოროლოგიურ სადგურს ააშენებენ, რომლებიც ხელახალი გამწვანების პროცესის მონიტორინგს შეუწყობს ხელს. ამ პროექტს ნაწილობრივ ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დახმარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

მიკაელა მერედიტი, USAID-ის უზბეკეთის მისიის დირექტორი:

“ამ მეტეოროლოგიური სადგურების მიერ მოწოდებულ მონაცემებს გამოიყენებენ ფერმერები, რათა გაიგონ, თუ როდის აჯობებს, დარგონ მცენარე, ეს გამოადგება მეცნიერებსა და მთავრობას არალის ზღვის რეგიონის გარემოს დაცვითი საკითხების მოგვარების დროს“.

2018 წელს შეიქმნა გაეროს არალის ზღვის ნდობის ფონდი, რომელმაც დღემდე 16 მილიონი დოლარის დონაცია მიიღო –  ყველაზე მსხვილი დონორები უზბეკეთი და ევროკავშირია. ამ ფონდის მიზანი არალის ზღვის რეგიონის ერთიანი სტრატეგიის შექმნაა.

უქტამ აბდურახმანოვი, არალის ზღვის რეგიონის გაეროს  ადამიანთა უსაფრთხოების მულტიპარტნიორული ნდობის ფონდის ტექნიკური სამდივნოს ხელმძღვანელი:

“ამ ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა, ძირითადად, ჯანდაცვის სექტორში, დიდი სამუშაოები ჩატარდა მოსახლეობის სასმელი წყლითა და აგრარული სექტორის წყლით მომარაგების კუთხით. ეს გულისხმობს წყლის რესურსის ეფექტურ გამოყენებას, ბაღების გაშენებას“.

ფონდი ეხმარება ადგილობრივებს, რომ თავად მოიყვანონ შინაური ცხოველების საკვები ჰიდროპონური სისტემის საშუალებით, რომელსაც არ სჭირდება ნიადაგი.

ამ მეთოდმა აიჯან ბორიბაიევას საშუალება მისცა, რომ თავისი ცხვრის გამოსაკვები ხორბალი თავად მოეყვანა ზაფხულშიც და ზამთარშიც.

“აქ ნიადაგი მლაშეა და რთულია ზედ რამის მოყვანა. ჰიდროპონური სისტემით კი ხორბალი კარგად ხარობს და ადგილიც ნაკლები სჭირდება“, – განმარტავს აიჯანი.

ასეთი ტიპის მეთოდები მხოლოდ არალის ზღვის რეგიონში კი არ ამართლებს – მსოფლიოს სხვა ისეთ ადგილებშიც შეიძლება დაინერგოს, სადაც გაუდაბნოების პროცესი მიდის.

ავტორი: გალინა პოლონსკაია

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend