ეს თოჯინები 30 წლის წინ შეიქმნა, მათი სამოქმედო სივრცე კი, გარი დავთიანის მარიონეტების საოჯახო თეატრი გახდა… ეს კადრები 2001 წლის ფილმიდანაა, სახელწოდებით „ სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები“, რომლის რეჟისორები გარი კუნცევი და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი არიან. ფილმში, სპექტაკლის დასასრულის აღსანიშნავად, მარიონეტები თეატრის დამაარსებელს ემშვიდობებიან. ისე მოხდა, რომ ამ თოჯინებს, მათ შემქმნელთან გარი დავთიანთან, მართლაც, მალევე მოუწიათ სამუდამოდ დამშვიდობება…
ბევრი წლის შემდეგ, არაჩვეულებრივი ხელოვანისა და ნამდვილი თბილისელის, გარი დავთიანის შესახებ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართა. იგი მისი საოჯახო თეატრის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„2000 წელში მე და მამას პროექტმა გაიმარჯვა “ინტერნიუსის” კონკურსში და მივიღეთ აპარატურის დაფინანსება, ეს იყო “ბეტაკამის” დიდი, პროფესიონალური კამერა, განათება, გენერატორი, მაშინ დენი გრაფიკით იყო, კასეტები სპეციალური “ბეტაკამის”, რომელიც მაშინ არ იშოვებოდა და დაგეგმილი გვქონდა ამ ფილმის გადაღება მე და მამას. მე მაშინ მიუნხენში ვსწავლობდი, მიუნხენის კინოაკადემიაში და მამამ თქვა, რომ ვახო შენ თუ არ ჩამოხვალო, არ მინდა სხვასთან მუშაობაო და დაგელოდებიო, თუ არადა, დავუბრუნოთ ეს ყველაფერიო. რა თქმა უნდა, ჩამოვედი და ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა, სიცივე, დენი გრაფიკით და კინოს გადაღება დენის გარეშე შეუძლებელი იყო, “ინტერნიუსმა” მაშინ, გენერატორიც გამოგვიყო, თუმცა, პრობლემა იყო ის, რომ ხმაურობდა და ელექტრონული სადენები დაგვჭირდა, რომ შორს გაგვეტანა“- ამბობს ფილმის რეჟისორი, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი.
„გარი ამბობდა, რომ მარიონეტი არის მოძრავი სკულპტურა, მარიონეტი არის ძალიან რთული ძალიან კომპლექსური მექანიზმი, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ სიყვარულს და ზუსტ მორგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მარიონეტი არ დაიბადება და ორკესტრი ასე ვთქვათ, არ დაუკრავს. თვითონ “მარიონეტების თეატრი” ძალიან ჰგავს მის შემქმნელს, ისეთივე არაორდინალური, ისეთივე საინტერესო, ზოგჯერ მიუწვდომელი და გაუგებარია, როგორიც მისი შემქმნელი და ოსტატი იყო,“- გვითხრა ალექსანდრა დავთიანმა, გარი დავთიანის შვილიშვილმა.
ფილმის ჩვენებამდე, ეკრანზე ვიდეოკადრები გამოჩნდა, 30 წლის წინანდელი ქრონიკა, რომელიც გარი დავთიანის მარიონეტების საოჯახო თეატრის პირველ ნაბიჯებსა და შემდგომ წლებს აღწერს. საღამოს უამრავი სტუმარი ესწრებოდა.
„ გამახსენდა 20-30 წლის წინ ნამყოფი ვარ მე იქ და ძალიან ემოციურია ხოლმე, როცა რაღაცას გაჩვენებენ, სადაც ნამყოფი ხარ. თვითონ თეატრი, ეს ოჯახი ძალიან ფენომენალურია, ამას ემატება რეჟისორები, ოპერატორები და ჯამში გამოვიდა ძალიან უცნაური, ძალიან საინტერესო და ნოსტალგიური ჩემთვის. კარგია, რომ ეს ოჯახი და ეს თეატრი კიდევ ცოცხლობს, ეს თეატრი არსებობს და დღევანდელ ადამიანსაც შეუძლია, რომ მივიდეს და ნახოს ეს სპექტაკლი,“ – ამბობს, გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი.
„ ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ამ ფილმის ნახვა, ძალიან ემოციური იყო, საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ როგორ მიუძღვნა გარი დავთიანმა საკუთარი ცხოვრება ამ საქმიანობას. ასევე, ვიხილე გაცოცხლებული თოჯინები, რომლებიც ადამიანებივით ცხოვრობენ, მოძრაობენ, ფიქრობენ, მომეწონა ფილმში არსებული მუსიკა და ფერები,“- თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს სტუმარი, კლაუდია კოსიცინსკა.
„ ეს ძველი ფილმია, თუმცა, შენ შეგიძლია შეიგრძნო სწორედ ის სიძველე, რაც იმ დროს იმ ადგილას არსებობდა. ფილმის ყურებისას ხვდები, როგორი შეიქმნა ეს ყველაფერი, როგორ გავრცელდა სახლში, ოჯახში, შემდეგ კი გადაიქცა ძალიან საინტერესო წარმოდგენად. ვფიქრობ, ყველამ იგრძნო, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ფილმი გადაიღეს, ძალიან დაინტერესებული იყვნენ ამ შესანიშნავი თეატრით,“- ამბობს, მაყურებელი ვიტეკ ჰებანოვსკი.
„ არაჩვეულებრივი ფილმი, არაჩვეულებრივი თოჯინები, არაჩვეულებრივი შემქმნელი ამ თოჯინების, ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი, ჩემი მაგალითად, სირცხვილი ის არის, რომ არ ვიცოდი ამის შესახებ და ახლა ეს ნამდვილად უნდა გამოვასწორო და პირველს, რასაც გავაკეთებ, წავალ დავთიანების ოჯახში და დავათვალიერებ, მათ საოჯახო ზღაპრულ სამყაროს,“- ამბობს დოდო ახვლედიანი, მაყურებელი.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორის, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის თქმით, ფილმის ჩანაფიქრი თავიდან სულ სხვაგვარი იყო. გარი დავთიანის მიერ შექმნილი თოჯინა, რომელიც შექსპირს განასახიერებს, საფრანგეთში უნდა წაეღოთ. საოჯახო თეატრის სცენაზე მას სხვა თოჯინები ემშვიდობებიან. ვახტანგს ფილმის სიუჟეტად ამ ეპიზოდის გამოყენება უნდოდა.
მაგრამ ისე მოხდა, რომ გადაღებების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გარი დავთიანი მოულოდნელად გარდაიცვალა და საოჯახო თეატრის მარიონეტები თავიანთ შემქმნელს, მის უსაყვარლეს თოჯინასთან, შექსპირთან ერთად სამუდამოდ დაემშვიდობნენ.