მსოფლიოში ტემპერატურა იმატებს. ეს თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გლობალური დათბობის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რომელიც სულ უფრო მეტად იწვევს სითბურ ტალღებს. უკიდურეს სიცხეს, რომელსაც ემატება ტყის ხანძრები და უდაბნოს მტვერი, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჰაერის ხარისხზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის უახლეს ანგარიშში.
სითბური ტალღების გახშირების ფონზე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰაერის ხარისხისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს ერთდროულად უნდა მივხედოთ. ისინი მსოფლიო საზოგადოებას ასევე აფრთხილებენ, რომ ევროპაში 2022 წლის სითბურმა ტალღებმა ოზონის შრე უფრო მეტად დააბინძურა. ტყის ხანძრების კვამლი ზიანს აყენებს ადამიანებს, ეკოსისტემასა და მოსავალს, თუმცა პარკებსა და ხეებს შეუძლიათ შეამსუბუქონ შექმნილი ვითარება.
კლიმატის ცვლილება, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული სათბური აირების დაგროვებას უწყობს ხელს, გრძელვადიანი გლობალური საფრთხეა. ამასთანავე, ჰაერი ყოველკვირეულად, მეტიც, ყოველდღიურად ბინძურდება.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა გარემოსადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეს – „სუფთა ჰაერი ლურჯი ცისთვის“. წელს აქტუალური საკითხი იქნება: „ყველა ერთად სუფთა ჰაერისთვის“.
ყურადღება გამახვილებული იქნება მყარი თანამშრომლობის აუცილებლობაზე, გაზრდილ ინვესტიციებსა და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე, რათა მსოფლიომ დაძლიოს ჰაერის დაბინძურების პრობლემა.