მთავარისაქართველოშოვის ტრაგედიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი გადავადდა

შოვის ტრაგედიის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი გადავადდა

მეათე მოწვევის პარლამენტის კიდევ ერთი საშემოდგომო სესია დეპუტატთა უმრავლესობის დასწრებითა და სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

ძირითადი პოლიტიკური განცხადებები შოვში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ არსებულ კითხვებს დაეთმო. პირველივე სხდომაზე მთავარ საკითხად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილება უნდა განეხილათ.

თუმცა, დეპუტატთა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განხილვა სავარაუდოდ, ოქტომბრამდე გადადო. მათ ინიციატივას ფრაქციის „საქართველოსთვის“ მხარდაჭერა დააკლდა.

“ჩვენი მიზანი არ არის პროცედურული ომი, ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება სწორედ სიმართლის დადგენის მიზნით. ამავდროულად, გახარიას საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოსთვის“დამატებით დროს ითხოვს, როგორც მათი გუშინდელი კომენტარებიდან ჩანდა, გადაწყვეტილების მიღებისთვის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მათი რიტორიკა და ბევრი სხვა პოლიტიკური სვლა აწმყოსა, თუ წარსულში ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციას აუცილებლად უნდა კონსოლიდაცია. ინტერპელაციის პროცედურაზე მოვუსმენთ მინისტრებს და ჩავალთ შოვში, სადაც ვთავაზობ, შემომიერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, თუ ერთეული პოლიტიკოსი. მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრის მკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდეს შოვში და ამჯერად, ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა. ჩვენ, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით ამ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ,“ – აცხადებს დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა.

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ. მიზეზად კი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრების ინტერპელაციის წესით მოსმენას ასახელებენ. მათი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს სიმართლის დადგენა და ამ კვირაში კომისიის შექმნას პროცედურულად ხელს შეუშლიდა. ამიტომ ჯერ მინისტრებს მოუსმენენ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

“ვერავის მივცემთ საშუალებას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ „ქართული ოცნება“ გაუსხლტეს ამ პასუხისმგებლობას, ამიტომ ინტერპელაციის შემდეგ საგამოძიებო კომისიის საკითხს ჩვენ თვითონვე დავუბრუნდებით. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ უნდა დადგინდეს სიმართლე და ჩვენს რეალობაში ამის ერთადერთი გზა არის, პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შოვის უმძიმეს ტრაგედიასთან, მათ შორის საგამოძიებო კომისიას. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაოები, ჩვენი გეგმა, იცით, რომ მივმართეთ კითხვებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანისთვის და გვაქვს გარკვეული გამოცდილება კრიზისების მართვაში და ამიტომ ჩვენ ჩვენს პროცესებს ვაწარმოებთ შოვის თემასთან მიმართებით,” – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კომისია ვერ და არ შეიქმნება. მისი თქმით, 22 სექტემბრის სხდომაზე მოწვეული მინისტრები, ყველა კითხვას პასუხს გასცემენ და ოპოზიციას შოვის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ჩაუვარდება.

„იცით, რომ ორ კვირაში პარლამენტში მობრძანდება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც საკადრის პასუხს გასცემს ოპოზიციას მათ სამარცხვინო ქმედებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას მინისტრთან ერთად ჩვენგანაც გაეცემა საკადრისი პასუხი იმ სამარცხვინო სიყალბეზე, რომელიც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ყველაფერზე ქულების დაწერა, უბრალოდ, არ შეიძლება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დადგენილებით, კომისიას უნდა გაერკვია შოვის ტრაგედიისას, რამდენად შესაბამისად იქცეოდნენ სახელმწიფო უწყებები, როგორ დაიგეგმა და იმართა ძებნა-შველის ოპერაცია, რატომ თქვა კატეგორიული უარი სახელმწიფომ მეგობარი ქვეყნების დახმარებაზე და უკვე მერამდენე ტრაგედიის მიუხედავად, რატომ არ ჰყავს ქვეყანას შესაბამისად აღჭურვილი სამაშველო ვერტმფრენები. კომისიის შექმნის საკითხი და თარიღი ჯერ გაურკვეველია.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend