4 სექტემბრიდან საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მძღოლებს მანქანის ხილული გამონაბოლქვის გამო დააჯარიმებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლი დაიწყო და იმ შემთხვევაში თუ მანქანის გამონაბოლქვი ჰაერს დასაშვებ ნორმაზე მეტად აბინძურებს, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება. თუმცა, ეს მხოლოდ პირველ დარღვევაზე, ყოველ განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. იურიდიული პირების შემთხვევაში კი პირველი ჯარიმა 500-ს ლარს ითვალისწინებს.
ინიციატივა „სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმისა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების წესის“ დამტკიცებაზე ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“ ეკუთვნის. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კანონი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩეს და აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ მხოლოდ 10 ავტომანქანა და ამ ავტომანქანებით მხოლოდ 4 ქალაქში პატრულირება ჰაერის გაუმჯობესებისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, დასაწყისისთვის კარგია. ისინი ასევე ამბობენ იმასაც, რომ იმედი აქვთ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ეკიპაჟების რაოდენობა და სულ მალე მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება შესაძლებელი ხილული გამონაბოლქვის შემოწმება.