ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, პარლამენტის ბიუროს, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხით მიმართეს. კითხვებს შორისაა შემდეგი საკითხები –
რატომ არ არსებობდა მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემები შოვში?
იმოქმედა თუ არა დროულად სხვადასხვა უწყებამ?
რატომ თქვა უარი საქართველოს მთავრობამ მეგობარი ქვეყნების მხრიდან დახმარებაზე?
ბიურო პოლიტიკური კამათით წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციონერს უთხრა, რომ ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინონ და შემდეგ ისაუბრონ კომისიის შექმნაზე.
თინა ბოკუჩავამ ბიუროს სხდომამდე ბრიფინგიც გამართა, სადაც განმარტა, თუ რატომ არის მისი პარტიის ხედვით ამ კომისიის შექმნა აუცილებელი.
„შოვის ტრაგედიის პრევენციის ნაწილში, ისევე როგორც რეაგირების ნაწილში, ძალიან ბევრ შესაძლო დანაშაულთან შეიძლება გვქონოდა საქმე. უმოქმედობა, გულგრილობა, ადამიანის განსაცდელში მიტოვება, დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა – ყველა აღნიშნულ საკითხზე სიმართლე უნდა დადგინდეს და სწორედ ამისათვის უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
შოვის ტრაგედიის სამძებრო-სამაშველო საქმიანობაში ჩართულ შესაბამის უწყებებს კითხვებით მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით, უწყებები დუმილს ინარჩუნებენ, რაც საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობას აძლიერებს.
„ხელისუფლება ცდილობს შოვის საკითხი გაქრეს დღის წესრიგიდან და დაფაროს დანაშაულის კვალი. შოვთან დაკავშირებით 45 სადეპუტატო კითხვა გავუგზავნე შესაბამის უწყებებს. თუმცა, ყველა დუმს. პასუხი ვერცერთი უწყებისგან ვერ მივიღე. შეკითხვები ეხებოდა დაზარალებულთა დახმარებას, ასევე სამაშველო სამსახურში დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. არც ამ კითხვებზეა პასუხი. ერთადერთი უწყება, რომელმაც ვადაში გამოგზავნა პასუხი, არის პროკურატურა, რომელმაც დაადასტურა ამ დროისთვის უკვე საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებს დეპუტატი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საჭიროდ არ თვლიან საგამოძიებო კომისიის შექმნას. მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ყველა უწყებამ სათანადოდ იმუშავა და რომ ოპოზიციონერი კოლეგები ჭიქაში ქარიშხალს აყენებენ. თვლიან, რომ ყველა კითხვას დამაკმაყოფილებელ პასუხს, 22 სექტემბერს ინტერპელაციის წესით დაბარებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გასცემს.
„ახლა „აწვებიან“ გინდა თუ არა საგამოძიებო კომისია შევქმნათ. ჩვენ 22 სექტემბერს ინტერპელაციის წესით ველით ვახტანგ გომელაურის გამოსვლას. დაუსვან კითხვები და იქნებ მიიღონ საჭირო პასუხები. ის ხელმძღვანელობდა მთელ ამ სამაშველო ოპერაციას. თუ ვერ გაიგეს ამ შემთხვევაშიც, კი ბატონო, მაშინ დააყენონ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაში მხარს ერთი ოპოზიციური ფრაქციის გარდა, ყველა უჭერს. თუმცა, აპირებენ, რომ სკეპტიკურად განწყობილ დეპუტატებთან კონსულტაციები გამართონ. პოლიტიკური დისკუსიისთვის კი საკითხს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე გაიტანენ.
ალეკო გვეტაძე