მთავარიევროპარუსეთიისტორია რუსულად - დამახინჯებული ფაქტები ომის შესახებ

ისტორია რუსულად – დამახინჯებული ფაქტები ომის შესახებ

ვიდრე უკრაინელ ბავშვებს დაბომბვების ფონზე, სპეციალურად მოწყობილ საკლასო ოთახებში უწევთ განათლების მიღება, რუსეთში სკოლის მოსწავლეებს უმტკიცებენ, რომ ამ ომში მსხვერპლი რუსეთია. რუსეთში ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყო და მოსწავლეებს უკვე დაურიგდათ ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები წარმოჩენილია ისე, როგორც ამას კრემლი ხედავს.

მაგალითად, ე.წ. სპეციალურ ოპერაციაზე პარაგრაფი იწყება ვლადიმერ პუტინის შემდეგი სიტყვებით: – „ჩვენ არ დაგვიწყია არავითარი სამხედრო მოქმედებები, ჩვენ ვცდილობთ მათ დამთავრებას“.

ისტორიის ახალი სახელმძღვანელო სრულად განმსჭვალულია კრემლის პროპაგანდით და პირდაპირ ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც არაერთხელ განუცხადებია, რომ უკრაინა ულტრანაციონალური სახელმწიფოა.

ახალი სახელმძღვანელო, რომელიც რეკორდულად მცირე დროში დაიბეჭდა, რუსეთს დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლად წარმოაჩენს, თითქოს დასავლეთის იდეაფიქსი რუსეთის დესტაბილიზაციაა.

სპეციალისტების შეფასებით სახელმძღვანელოში ვხვდებით მანიპულაციურ ჩანაწერებსაც, უფროსკლასელებს აშინებენ ბირთვული ომით – ციტატა წიგნიდან:

“თუკი უკრაინა შევიდოდა ნატოში და მოახდენდა სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებას ყირიმსა და დონბასში, ნატოს განაწესის თანახმად რუსეთი  მაშინვე აღმოჩნდებოდა საომარ მდგომარეობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრთან. ეს შესაძლოა, ყოფილიყო ცივილიზაციის დასასრული. ამის დაშვება არ შეიძლებოდა”.

ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში ბუნებრივია, არაფერი წერია რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ან იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ სწორედ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გასცა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ისტორიის ახალი სახელმძღვანელო მცდელობაა რუს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსწავლეებს იდეოლოგია შეუცვალონ.

მოსკოველები ჰყვებიან, რას ელიან ისტორიის ახალი სახელმძღვანელოსგან.

ელენა:”სასურველია, რომ ბავშვებს სიმართლეს ეუბნებოდნენ, მოუყვნენ, როგორ მოხდა სინამდვილეში ყველაფერი, თუნდაც, ეს რაღაც ცუდი იყოს. არც გადამეტებულად და არც შელამაზებულად”.

ეკატერინა:”მე გავიგე რაღაც, რომ იქ ფაქტების დამახინჯებას აქვს ადგილი, მაგრამ არ ჩავღრმავებივარ ამ თემას. მაგრამ მე ძალიან არ მინდა, რომ ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებდნენ”.

ივან:”ვფიქრობ, რომ კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომლებმაც შეადგინეს ეს სახელმძღვანელო, კარგად იმუშავეს. ბავშვებისთვის საინტერესო იქნება იმ მოვლენების შესწავლა, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში და მეზობელ რეგიონებში”.

რუსულ საგანმანათლებლო სისტემაში სხვა ცვლილებებიცაა.  პირველი სექტემბრიდან სკოლებში დაბრუნდა საგანი სახელწოდებით “დაწყებითი სამხედრო მომზადება”. ეს საგანი იქნება აუცილებელი რუსეთის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. გაკვეთილებზე ბავშვები შეისწავლიან ავტომატური იარაღის – კალაშნიკოვის, ხელყუმბარისა და სხვა სამხედრო მოწყობილობების გამოყენებას. ამას გარდა, მოსწავლეებს ასწავლიან, როგორ გამოიყენონ დრონები ბრძოლის დროს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend