მთავარიევროპარუსეთირუსეთი მხოლოდ მდიდრებისთვის - ცხოვრება სანქციების ქვეშ

რუსეთი მხოლოდ მდიდრებისთვის – ცხოვრება სანქციების ქვეშ

2023 წლის აგვისტოს თვეში რუსული რუბლი 2022 წლის თებერვლის შემდეგ უპრეცედენტოდ გაუფასურდა. ექსპერტების თქმით,  ეს ყველაფერი მოსკოვის მხრიდან სამხედრო ხარჯების ზრდასთან, დასავლურ სანქციებთან და ენერგორესურსების ექსპორტის შემცირებასთან არის დაკავშირებული. აგვისტოს  ბოლოსთვის რუსეთის ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია. რეფინანსირების განაკვეთმა  პროცენტით იმატა და ამ ჩარევამ რუბლის კურსი მოკლე ვადაში შედარებით დაასტაბილურა. თუმცა, ექსპერტების თქმით, როგორც წესი ასეთ ჩარევებს მყისიერი, მაგრამ არამდგრადი  ეფექტი აქვს.

მაგრამ არის მეორე ფაქტორიც…  ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუბლის გაუფასურება გარკვეულ შემთხვევებში რუსეთის ხელისუფლებას აწყობს. ნავთობს მოსკოვი დოლარში ყიდის, შემდეგ კი ეროვნული ვალუტის  გაუფასურების ფონზე,   დოლარს უფრო მეტ რუბლში ცვლის, რაც ბიუჯეტში შედის და სახელმწიფო უწყებებზე, ხელფასებსა და პენსიებზე ნაწილდება.

საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი, რობინ ბრუქსი ამბობს:   „ცხადია,  მოსკოვს დიდი ხარჯი აქვს – ომის წარმოება უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, მას ჭირდება მოსახლეობის მოსახლეობაში პოლიტიკური მხარდაჭერის გამყარებაც. ეს ყველაფერი ფული ღირს. შედარებით სუსტი რუბლი მას ამაში ეხმარება, რადგან  ბუნებრივია, როცა რუბლი სუსტია, ნავთობიდან მიღებული დოლარით უფრო მეტ რუბლს ყიდულობ“…

როგორც არ უნდა აწყობდეს კრემლს რუბლის მცირედით გაუფასურება, ექსპერტები ამბობენ, რომ ფაქტია, რომ ასეთი პოლიტიკის გაგრძელება საბოლოოდ მეტად სავალალო შედეგებამდე მიიყვანს მოსკოვს. დღეს რუსეთში ინფლაციას ძირითადად მცირეშემოსავლიანი მოსახლეობა გრძნობს. მდიდრებს კი ჯერ ისევ აქვთ რესურსი ახალი რეალობა არ შეიმჩნიონ და მარტივად ადაპტირდნენ.  ხარჯების საგრძნობლად გაზრდის  მიუხედავად ისინი მაინც ახერხებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას, ძვირადღირებულ რესტორნებსა და მაღაზიებსაც არ მოჰკლებია მომხმარებელი. მაგალითად აქ, პოპულარულ რაიონში, “ბოლშაია ნიკიტსკაიაზე”  რესტორნები  სავსეა, ხალხმრავლობაა   მოსკოვის მთავარ უნივერსალურ მაღაზიაშიც, ანუ როგორც მოსკოველები უწოდებენ- „გუმში“.

ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დიდწილად იმპორტირებულ პროდუქტზე იყვნენ დამოკიდებულნი, იძულებულნი გახდნენ მომწოდებლები შეეცვალათ და აზიური პროდუქტის შესყიდვა დაეწყოთ. ნაწილი კი ცდილობს ადგილობრივ პროდუქტზე გადავიდეს.

სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელი, ანდრეი ლავროვი ამბობს: „რაც შეეხება ჩვენს წარმოებას, ჩვენ ვხედავთ ამ მხრივ გამოცოცხლებას. მაგალითად ნაკერების დასადებად საჭირო მასალებით საერთოდ აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ხარისხიანი მასალებია…სიამოვნებით გადავედი ადგილობრივ პროდუქტზე.“

ერთი შეხედვით, რუსეთის სავაჭრო ცენტრებში ბევრი არაფერი შეცვლილა. მაგრამ იქ, სადაც ოდესღაც „ზარა“ და H&M  იყო, ახლა მომხმარებელს ახალი ბრენდები – „მააგი“ და „ვილეტი“ ხვდება… “ეფლის” გადახდის სისტემის გათიშვის გამო, ბანკები მომხმარებელს ჩიპიან სტიკერებს ურიგებენ, ისე როგორც ადრე იყო, წლების წინ…   მაღალშემოსავლიანი მოსკოველები სანქციების ეფექტს არ იმჩნევენ, მაგრამ  როგორც დასავლეთში ამბობენ, ყველა რესურსი ამოწურვადია და  დასავლური სანქციების ეფექტს,  სწრაფი ადაპტაციის მიუხედავად რუსეთის მოქალაქეები თანდათან უფრო და უფრო იგრძნობენ და  მალე მდიდრებსაც მოუწევთ ეს აღიარონ.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend