მთავარისაქართველოდახმარების თხოვნით თუ ინფორმაციის მიღების მიზნით თბილისის მერიის ცხელ ხაზზე გუშინ ღამით...

დახმარების თხოვნით თუ ინფორმაციის მიღების მიზნით თბილისის მერიის ცხელ ხაზზე გუშინ ღამით 400-მდე ზარი შევიდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, თბილისში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით

დატბორილი ქუჩები, წყლით სავსე მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროსადენები, ქუჩებში ნახევრად ჩაძირული ავტომანქანები და წყალი კორპუსებში – ამ ყველაფრის ამსახველ კადრებს გუშინ ღამით მოქალაქეები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდნენ. დახმარების თხოვნით თუ ინფორმაციის მიღების მიზნით თბილისის მერიის ცხელ ხაზზე გუშინ ღამით 400-მდე ზარი შევიდა.

ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვსო – თქვა კახა კალაძემ, თბილისის მერმა

“მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს ქალაქში, ზოგადად მიწისქვეშა კომუნიკაციის პრობლემა არის ქალაქში და ამას პირველები ვამბობთ ჩვენ და შემთხვევითი არ არის ის, რომ სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაგან ვცდილობთ რომ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, საკანალიზაციო ქსელები, წყლის მილები, სანიაღვრე სისტემა, სადრენაჟე სისტემა და ა.შ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი”, – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი გამოიყოფა იმისათვის, რომ თბილისში სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. თუმცა მათი თქმით დედაქალაქში მდგომარეობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მძიმდება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ხდება ქალაქში ასეთი დატბორვა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი, ეს იმის ბრალია, რომ არ ხდება არსებული სანიაღვრე სისტემების გაწმენდა, არ ხდება ახალ გზებზე, მაგისტრალებზე სანიაღვრე სისტემების მონტაჟი. ასევე ვხედავთ, რომ არ იწმინდება მდინარის კალაპოტები, წყალშემკრებები და ხევები. ვხედავთ უკანონო, მავნებლურ მშენებლობებს, სადაც პირდაპირ ხევებში და კალაპოტებში აშენებენ შენობებს აბსოლუტურად ქაოსურად. აი, ამ ყველაფერმა მოიტანა არაპროფესიონალიზმთან, არაკომპეტენტურობასთან ერთად, კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ერთად, ის შედეგი, რის გამოც, თბილისში ყოველი გაწვიმების დროს კატასტროფა გვაქვს. ცალკე ამბავია ასევე ის, რომ დედაქალაქის მერიიდან, ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ფაქტობრივად მილიონობით ლარი გამოიყოფა, ათობით მილიონზეა უკვე საერთო ჯამში საუბარი, რომ სანიაღვრე სისტემები მოწესრიგდეს. ამაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია და მისი შესაბამისი სამსახური „თბილსერვისია”, მაგრამ ვხედავთ, რომ ეს თანხები უბრალოდ გაფლანგულია. არანაირი ეფექტი არ მოუტანია ამ თანხების ხარჯვას და პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმებულია, მიუხედავად ათობით მილიონი ლარის ხარჯისა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, გუშინ ღამით სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობა ორჯერ აღემატებოდა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. მათივე ინფორმაციით საქართველოში მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend