მთავარისაქართველომოქალაქეების საპენსიო დანაზოგები საინვესტიციო მიმართულებით განთავსდება

მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები საინვესტიციო მიმართულებით განთავსდება

დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელი – ამ ტერმინებს თითქმის ერთი თვეა ხშირად განიხილავენ საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებით ის ასაკობრივი კატეგორია, ვინც დაგროვებითი პენსიის სქემაშია ჩართული.

საპენსიო სააგენტომ მოსახლეობა სამ ასაკობრივ კატეგორიაში გადაანაწილა და მათი თანხებით აპირებს, ინვესტირებას სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით.

სამი ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად არსებობს რისკის სამი დონე, სადაც მოქალაქეებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ ცვლილების განხორციელება.

ხალხის ფულით უსაფრთხოდ ვაჭრობისა და დაცვის მექანიზმებზე სამსჯელოდ, დახურული ფორმატის შეხვედრა გაიმართა საპენსიო სააგენტოსა და ამ უწყების ზედამხედველი ორგანოს, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა აცხადებს, რომ მოსახლეობის შფოთვის და კითხვების ესმის, თუმცა მისი თქმით, ამ მიმართულებით სანერვიულო არაფერი გვაქვს.

„საპენსიო შენატანები საპენსიო სქემაში მონაწილე პირთა დანაზოგია, მათი საკუთრებაა. დღეს მოქალაქეებს საინვესტიციო პორტფელის არჩევის საშუალება ეძლევათ. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, აირჩიონ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, აქტიურად დააკვირდნენ თავიანთი საპენსიო აქტივების ზრდის დინამიკას და მათ შენატანებზე დარიცხული სარგებლის მაჩვენებლებს. საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას ეროვნული ბანკი უწევს.

აქტივების მართვის სისტემა ეყრდნობა ორ მთავარ პრინციპს:

1) აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი და ამ საკითხში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მიერ;

2) უნდა ხორციელდებოდეს აქტივების მართვის ეფექტიანი ზედამხედველობა.

2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებულები იქნებიან კერძო აქტივების მმართველები. საინვესტიციო საბჭოსთან ერთად, კერძო აქტივების მმართველები განახორციელებენ აქტივების მართვას. თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება არჩევანი გააკეთოს, რომელი და როგორი აქტივების მართვა სურს მას. ეს იქნება თავისუფალ არჩევანზე დამყარებული სისტემა. მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას. დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის პიროვნების, მონაწილის დანაზოგი, მათი საკუთრება და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონაწილეს ჰქონდეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაიწყო მიმდინარე თვეს, როდესაც პორტფელების არჩევა შეუძლია მომხმარებელს, ხოლო დაახლოებით, 1 წელში შესაძლებლობა ექნებათ აქტივების მმართველი შეარჩიონ“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ ხალხის ფულს დაცულად გამოიყენებენ საერთაშორისო კორპორაციებსა და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით ვაჭრობისას. მისი თქმით, მზარდი მოგება კი ისევ ხალხს დარჩება. რისკებთან დაკავშირებით კი ამბობს:

„ჩვენ მაღალი რისკის პორტფელს ვუწოდებთ მზარდ პორტფელს, რადგან მასში საპენსიო დანაზოგის განთავსება საუკეთესო შესაძლებლობაა გრძელვადიან პერიოდში დამატებითი მოგების მისაღებად. აღნიშნული მზარდი (მაღალრისკიანი) პორტფელი გულისხმობს მონაწილეების დანაზოგების 55%-ის დოლარში ინვესტირებას, მათ შორის, ისეთი კომპანიების აქციებში, როგორებიც არიან: Apple, Samsung-ი, Nestle-ე, Toyota, Google-ი, Louis Vuitton-ი და ა.შ. საპენსიო აქციები იქნება გადანაწილებული ათასობით სხვადასხვა კომპანიაში და სხვადასხვა რეგიონის დონეზე. მონაწილეების დანაზოგები არამხოლოდ ამ საინვესტიციო პორტფელების დონეზე, არამედ საქართველოს კანონით რეგულირდება. საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი. ამ დრომდე საინვესტიციო სამსახურმა 680 მილიონი ლარის საინვესტიციო მოგება უკვე დაარიცხა მოქალაქეთა შენატანებს, რაც 52%- წარმოადგენს და ინფლაციის გათვალისწინებით, ანალოგიურ პერიოდზე, მომგებიანობამ 12%-ს გადააჭარბა.

მონაწილეები კითხულობენ, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება? გარანტია არის კანონი, რომელიც მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს იცავს, ეროვნული ბანკი, რომელიც ამას საკმაოდ მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს, ზედამხედველობს და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელშიც შედიან კვალიფიციური, გამოცდილი კაპიტალის ბაზრის ექსპერტები“,- ამბობს გოგა მელიქიძე.

რაიმე პირობით ფაქტორთა გამო, ხომ არ ელის დაკარგვის საფრთხე ხალხის მიერ დაგროვილ ფულს, ისევე როგორც ცნობილი „ანაბრების საქმის“ შემთხვევაში იყო. ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ახლა სხვა დრო და სხვა პასუხისმგებლობებია.

საპენსიო თანხების მართვისა და ინვესტირების შესახებ, დღეს არსებული კანონი არასრულყოფილია. 2025 წლიდან, კი როდესაც კანონი შეიცვლება, მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.

ორი უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვაჭრობისას ხალხის ფულის დაცვის სამი დონე არსებობს: მკაცრი კანონმდებლობა, ზედამხედველი უწყება ეროვნული ბანკის სახით და დამოუკიდებელი საბჭო. დაგროვებითი პენსიის სქემა საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend