ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი წარმატებით დასვა. ჩანდრაიან-3 ინდოეთის კოსმოსური სააგენტოს რიგით მესამე აპარატია, რომელიც ინდოეთმა დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გამოსაკვლევად შექმნა.
ხომალდი მთვარეზე რბილად დაჯდა, რაც მისიის წარმატებით ფუნქციონირებას უწყობს ხელს. პირდაპირ ეთერში ამ პროცესს თვალს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ადევნებდა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვაც წარმოთქვა.
“ეს მშვენიერი მომენტია ინდოეთის ისტორიაშია. მინდა ჩვენს მილიარდ 400 მილიონ თანამოქალაქეს გულითადად მოგილოცოთ. ჩვენი მეცნიერების შრომისმოყვარეობამ და ნიჭმა ეს უზარმაზარი შედეგი გამოიღო. ინდოეთმა მთვარის სამხრეთ პოლუსს მიაღწია. იქ ვართ, სადაც ჯერ არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა”, – განაცხადა პრემიერმა.
ინდოეთი, ჩინეთის მერე, მე-2 ქვეყანა გახდა, რომელსაც ამ მომენტისათვის მთვარეზე მომუშავე აპარატი აქვს.
შეგახსენებთ, რომ მთვარეზე ხომალდი რუსეთმაც გაუშვა, თუმცა მისია ჩავარდა. გასულ კვირას რუსული ხომალდი „ლუნა-25“ ბუნებრივ თანამგზავრს შეეჯახა და მის ზედაპირზე კიდევ ერთი კრატერი წარმოშვა.