რუსეთში ზეწოლის ქვეშ არიან სასულიერო პირები, რომლებიც არ ლოცულობენ უკრაინაზე „გამარჯვებისთვის.” მათ დასჯას სხვადასხვა გზით ცდილობს რუსული საპატრიარქო და რუსეთის მთავრობა. ქადაგების დროს სიტყვა „მშვიდობის“ გამოყენებისთვის, მათ საღვთო მსახურების აკრძალვა ემუქრებათ.
ორი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინი აძლიერებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, გაზარდა მისი პრესტიჟი, სიმდიდრე და გავლენა საზოგადოებაზე… თავის მხრივ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა, ისევე როგორც პატრიარქმა კირილმა, მხარი დაუჭირეს პუტინის ყველა ინიციატივას.
რუსეთის საპატრიარქო ამბობს რომ ეკლესიებში უნდა ილოცონ გამარჯვებისთვის, რუსეთის გამარჯვებისთვის უკრაინაში. სასულიერო პირთა ნაწილისთვის სისხლისღვრისთვის ლოცვა მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც მათ უკვე დაკარგეს სასულიერო სტატუსები.
თურქეთში, ანტალიის ძველ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დგას, ერთ ხელში ბიბლია, მეორეში კი სანთელი უჭირავს და წირვას ატარებს. სამშობლოდან არცთუ ისე შორს, მშვიდობისთვის ლოცულობს. სწორედ მშვიდობის გამო დაისაჯა და განიდევნა ეკლესიიდან… უფრო ზუსტად უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის გამო რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეუფე იოანე კოვალი განკვეთა.
2022 წლის სექტემბერში, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა კირილემ სასულიერო პირებს გამარჯვებისთვის ლოცვა მოსთხოვა.
მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში ათობით მრევლის წინაშე, მეუფე იოანე კოვალმა მშვიდობა, პატრიარქის ბრძანებაზე მაღლა დააყენა და ლოცვაში სიტყვა „გამარჯვება“ „მშვიდობით“ შეცვალა. ეს ერთი სიტყვა გახდა საკმარისი იმისათვის, რომ მისთვის მღვდლის წოდება წაერთმიათ.
„გამარჯვებაზე ლოცვამ პროპაგანდისტული მნიშვნელობა შეიძინა. სასულიერო პირებსა და მრევლს, უნერგავენ როგორი აზროვნება უნდა ჩამოუყალიბდეთ, რაზე უნდა იფიქრონ და როგორ უნდა დაინახონ ომი. ეს ჩემს სინდისს ეწინააღმდეგებოდა. ვერ დავემორჩილებოდი…“ – ამბობს მეუფე იოანე კოვალი.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე, კანონმდებლებმა მიიღეს კანონი, რომელიც „რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის“ ბრალდებით, ათასობით ადამიანის დევნის საშუალებას აძლევდათ. ამ კანონს იყენებენ რეალურად ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ან ვინც ეწინააღმდეგება ოფიციალურ ნარატივს, იქნება ეს სოციალურ ქსელში უბრალო კომენტარი თუ ლოცვა ეკლესიაში.
„სასულიერო პირები, რომლებიც პოლიტიკურ აგენტებად და პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილე პირებად იქცევიან ცხადია, წყვეტენ საღვთო მსახურებას და ექვემდებარებიან აკრძალვას“, – ამბობს რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ვახტანგ ყიფშიძე.
პუტინის რეჟიმის მსგავსად, კირილმაც ააშენა ეკლესიაში მკაცრი იერარქია, რომელიც ნებისმიერ სასულიერო პირს პატრიარქის სიტყვასთან სრულ შესაბამისობაში ყოფნას სთხოვს. უფრო სწორად ამას მოითხოვს.
„პრინციპი ნათელია. თუ უარს იტყვით იმ ლოცვის წაკითხვაზე, რომელიც დაგავალეს მაშინ არ ხართ ერთგული. თუ არ ხართ ერთგული მაშინ თქვენი ადგილი რუსეთის ეკლესიაში არ არის“, განმარტავს ფილოლოგიის პროფესორი ვილნიუსის უნივერსიტეტში ანდრეი დესნიცკი.
როდესაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, და ამ ომს სპეციალურ ოპერაციას ეძახდნენ, მღვდლების უმეტესობა დუმდა… სხვადასხვა რამის დაკარგვის გამო, თუმცა ერთი და იგივე შიშით. ზეწოლის შიშით…
და სასულიერო პირების მხოლოდ მცირე ნაწილი არ შეუშინდა არც რუსულ ეკლესიასა და, არც რუსეთის მთავრობას. და ამ მცირე ნაწილმა, 40 000-ზე მეტი სასულიერო პირიდან 300-მა მოაწერა ხელი საჯარო წერილს და საჯაროდ დაუჭირეს მხარი მშვიდობას უკრაინაში.
ზეწოლა რუსეთში უცხო არ არის… არც საერო და არც სასულიერო პირებისთვის… რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კი მღვდლების წინააღმდეგ რეპრესიებს სულ სხვანაირად ხსნის.
„მე, მთელი ჩემი სულით, მთელი ჩემი არსებით ვეწინააღმდეგები ამ ომს. შეუძლებელი იყო ჩემი ლოცვით მხარი დამეჭირა უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრისთვის“, – ამბობს მეუფე იოანე კოვალი.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ეკლესიამ ის განკვეთა, მეუფე იოანე კოვალმა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეს მიმართა. ივნისში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ განაცხადა, რომ მეუფე კოვალი დაისაჯა უკრაინაში საომარი მოქმედებებისადმი მისი პოზიციის გამო და მეუფეს წმინდა წოდება აღუდგინეს. იმავე დღეს პატრიარქმა ბართლომემ მას უფლება მისცა გაეგრძელებინა ღვთის მსახურება.
რუსეთის დატოვება მეუფე იოანე ბურდინსაც სურდა. მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში რუსული ომის წინააღმდეგ ეკლესიაში იქადაგა, ადგილობრივმა სასამართლომ ის დააჯარიმა „რუსული არმიის დისკრედიტაციის“ ბრალდებით.
მან რუსეთის პატრიარქს ბულგარეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართა, თუმცა ამის ნაცვლად კირილემ მეუფეს მსახურება აუკრძალა, ვიდრე ის საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდიდა.
„ჩემი პოზიცია, რომელიც ჯერ ვებგვერდზე, შემდეგ ეკლესიაში, და ამის მერე უკვე სასამართლო პროცესის დროს დავაფიქსირე, იყო ჩემი რელიგიური მრწამსის გამოხატულება. ჩემთვის ყველა ადამიანი ჩემი ძმაა და ნებისმიერი ომი, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი ძმათამკვლელია“, – ამბობს მეუფე იოანე ბურდინი.
მეუფე იოანე ახლაც რუსეთშია… მას ეკლესიაში მსახურება აუკრძალეს, თუმცა გამოსავალი მოძებნა და ქადაგებებს მისი ტელეგრამარხის მეშვეობით უზიარებს მკითხველებს. მრევლს, რომელიც დაბნეულია რუსეთის საპატრიარქოს მიერ უკრაინაში ომისა და სისხლისღვრის მხარდაჭერის გამო.
რეპორტაჟის ორი გმირის მსგავსად მეუფე იაკოვ ვორონცოვსაც „რუსული არმიის დისკრედიტაციაში“ დასდეს ბრალი. ახლა ყაზახეთშია და ამბობს, რომ თავდაპირველად, როცა ომი დაიწყო ეგონა, ეკლესია კონფლიქტში შუამავლის როლს ითამაშებდა, თუმცა რუსეთის ეკლესია ასე არ მოიქცა.
„მათ უნდოდათ, რომ წავსულიყავი, საბოლოოდ მიაღწიეს კიდეც მიზანს. მაგრამ მე არ მითქვამს ჩემს წოდებაზე უარი. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ამ ვითარებაში ომის მხარდამჭერთა შორის ვერ ვიდგებოდი“, – ამბობს მეუფე იაკოვ ვორონცოვი.
რუსეთის პატრიარქის გავლენა ქვეყნის საზღვრებს სცდება და მისი ბრძანებები ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ მღვდლებზეც. მაგალითად, 2022 წლის თებერვალში კირილემ სამი თვით მსახურება აუკრძალა მადრიდში მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელ, მეუფე ანდერი კორდოჩნიკს… მეუფემ ომის დაწყების პირველივე დღიდან საჯაროდ დაგმო რუსეთის ომი და მუდმივად ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინაში.
„ვფიქრობ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვილაპარაკოთ სიმართლე ნებისმიერ ფასად… თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ მოვუწოდებ ჩემს ძმებს, რომლებიც რუსეთში არიან, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის საფრთხის ქვეშ დააყენონ თავი“, – ამბობს მეუფე ანდრეი კორდოჩკინი.
რუსეთის ეკლესიის ნარატივს იმეორებს ვახტანგ ყიფშიძე, რუსული ეკლესიის პრესსამსახურის მოადგილე და ამბობს, რომ კორდოჩკინი მშვიდობაზე ლოცვით, მრევლს შორის სიძულვილის გაღვივებისთვის დაისაჯა…
და ამ ლოგიკით, თუ მშვიდობაზე ლოცვით სიძულვილი ღვივდება, მაშინ საინტერესოა რუსეთის მხრიდან გამარჯვებაზე ლოცვა სად მიიყვანს ამ ქვეყანას.