მთავარიაფრიკასუდანიბოლო მონაცემებით სუდანში შიმშილით 500-მდე ბავშვი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით სუდანში შიმშილით 500-მდე ბავშვი დაიღუპა

ჩადის დედაქალაქ ადრეში მდებარე სუდანელ ლტოლვილთა ბანაკში, ათობით დედა ელოდება ავადმყოფი შვილებისთვის შესაბამის სამედიცინო დახმარებას და საკვებს. ბანაკთან საველე სამედიცინო პუნქტია მოწყობილი, თუმცა სამედიცინო პერსონალი და მედიკამენტები არასაკმარისია. ამნა მუსა შვილთან ერთად სუდანიდან ომს გამოექცა. არასათანადო კვების გამო მის გოგონას ხშირად აქვს დიარეა და ღებინება.

“მე ამ ბანაკში 20 ივნისს ჩამოვედი დასავლეთ სუდანის ქალაქ ალ ჯუნეინადან. ორსულად ვიყავი და მგზავრობისას ავად გავხდი. ჩემი ქალიშვილიც ავად იყო და ახლაც მძიმედაა. უკვე ორი თვეა დიარეა და ღებინება აქვს. ჩემს მეორე შვილს კი თვალები სტკივა. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს“, – ამბობს სუდანელი ლტოლვილი ამნა მუსა.

ბანაკში მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც სამედიცინო პუნქტში არ არის სათანადო პირობები და მედიკამენტები და არც მაცივრებშია წყლისა და საკვების საჭირო მარაგი. ასეთი ვითარება კი მათი განცხადებით, ბანაკის მაცხოვრებელთა ისედაც რთულ ჯანმრთელობის მდგომარეობას,  კიდევ უფრო აუარესებს.

„ლტოლვილთა მდგომარეობა მძიმეა. დედებს თავიანთი შვილების გამოკვება უჭირთ. ბავშვები არასრულფასოვნად იკვებებიან, რაც ჰიგიენის პრობლემებთან ერთად, მათ ჯანმრთელობას ამძიმებს. არ გვაქვს საჭირო რაოდენობის მედიკამენტები და სამედიცინო ხელსაწყოები. კვების პრობლემა რომ მოგვარდეს, ბევრი სამედიცინო საკითხი გადაიჭრება. ჩვენი თხოვნა მრავალმხრივია საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ. დახმარება რომელიც პერიოდულად მოდის, სწრაფადვე ქრება“, – აცხადებს ბანაკის მოხალისე ექიმი ჰაშემ მუსა.

ბოლო პერიოდში სუდანში შიმშილით 500-მდე ბავშვი დაიღუპა. 31 000 ბავშვი კი კრიტიკული მდგომარეობის ზღვარზეა.

გაეროს მიგრაციის სააგენტოს ცნობით, 3,5 მილიონი სუდანელი იძულებული გახდა თავისი ქვეყანა დაეტოვებინა. რადგან მიმდინარე წლის აპრილიდან სუდანში საომარი მდგომარეობაა. შიდა დაჯგუფებებს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო, სუდანელები ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩადიში და სხვა მიმდებარე ქვეყნებში მიგრანტების სტატუსით მიდიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend