სტალინის ძეგლი სოფელ მუხრანში ისევ აღმართულია. თუმცა ამ სოფლის მსგავსად წითელი ბელადის მონუმენტი საქართველოში კიდევ რამდენიმე ადგილზეა.
არადა 23 აგვისტოს მსოფლიო სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კი 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა დღედ 2010 წლიდან გამოცხადდა.
84 წლის წინ 1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა – საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმა.
ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
მეორე მსოფლიო ომამდე და მას მერეც საქართველოში სისხლიანი რეპრესიები საბჭოთა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დღემდე დაცულია არაერთი ოქმი, რომელიც პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეების, ინტელიგენციისა და სამხედრო მოღვაწეების დახვრეტის დადგენილებას ასახავს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ნაცისტური რეპრესიები დასრულდა, თუმცა ევროპის ნაწილსა და საქართველოში წითელი ტერორი საბჭოთა კავშირის დაშლამდე გაგრძელდა.
ქვეყანაში სადაც საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმს ამდენი მსხვერპლი ჰყავს კვლავ აღმართულია წითელი ტერორის შემოქმედის ძეგლები.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ თუ ისტორია არ იცი, მომავალი არ გაქვს. საქართველოს უახლესი ისტორია კი საბჭოთა ტოტალიტარული რეპრესიების გამო წითლადაა შეღებილი.
გიორგი თუხარელი