მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოჩვილების სერიულ მკვლელს ბრიტანეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ჩვილების სერიულ მკვლელს ბრიტანეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„შოკისმომგვრელი და სულისშემძვრელი“ – ასე უწოდეს ბრიტანეთში ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებულ საქმეს. შვიდი ჩვილის მკვლელობის და ექვსი ახალშობილის მკვლელობის მცდელობაში  ბრალდებული ლუსი ლეტბი ნაფიცმსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს.

მსჯავრდებულ ექთანს დარჩენილი ცხოვრების გატარება საპატიმროში მოუწევს, ეს ბრიტანეთის  კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელია.

 „ამ სასამართლო პროცესის განხილვის დროს თქვენ ცივად უარყოფდით რაიმე სახის პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებების გამო და ცდილობდით დანაშაული სხვებისთვის დაგებრალებინათ. თქვენ არ ნანობთ ჩადენილ დანაშაულს. შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს. მკვლელობები და მკვლებობების მცდელობა ძალიან მაღალი სიმძიმისაა და სამართლიანი სასჯელი კანონის თანახმად უვადო პატიმრობა იქნება“, – განაცხადა განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლე ჯეიმს გოსმა.

პროკურატურის ვერსიით, მკვლელობები ჩესტერის საავადმყოფოს ნეონატალურ განყოფილებაში 2015 წლის ივნისიდან, 2016 წლის ივნისამდე პერიოდში მოხდა.

ათთვიანი სასამართლო განხილვებისას საქმის პროკურორები აცხადებდნენ, რომ 2015 წელს ჩესტერის საავადმყოფოში ადგილი ჰქონდა ახალშობილების სიკვდილიანობის რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც იღუპებოდნენ ან ჯანმრთელობის მდგომარეობა უუარესდებოდათ გაურკვეველი მიზეზების გამო.

ყოველი შემთხვევის დროს, როცა ბავშვები იღუპებოდნენ ან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებოდათ ნეონატალურ განყოფილებაში ლუსი ლეტბი მორიგეობდა.

პროკურატურის ვერსიით  მედდა მიზანმიმართულად აყენებდა ზიანს ახალშობილებს, რისი აღმოჩენაც შეუიარაღებელი თვალით რთული იქნებოდა და ის არწმუნებდა კოლეგებს, რომ ჩვილების სიკვდილი ბუნებრივი იყო. ლუსი ლეტბის ახალშობილების სხეულში ჰაერი შეჰყავდა, ორი ჩვილი ნარკოტიკული საშუალებით მოწამლა და სხვა სახის დაზიანებებს აყენებდა მათ.

მიზეზები, რის გამოც ლეტბი ჩვილებს კლავდა, შესაძლოა არასდროს გახდეს ცნობილი, რადგან მედდა დანაშაულის  მოტივზე არ საუბრობს.

ლუსი ლეტბის საქმის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება  იმის გასარკვევად როგორ ახერხებდა მედდა ამდენი ხნის განმავლობაში შეუმჩნევლად ემოქმედა.

თავად ლუსი ლეტბი სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროს არ იმყოფებოდა, რამაც ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია.  ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს განაჩენის გამოცხადების პროცესს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს კანონის შეცვლას, რომელიც დაავალდებულებს ბრალდებულებს განაჩენის გამოცხადებას დაესწრონ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend