კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებს 200-ზე მეტი კინემატოგრაფისტი. ისინი კინოცენტრს მიტაცებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.
“არ გვსურს, ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისკენ მიჰყავს. გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ უნდა იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით.
დამოუკიდებლობა კინოცენტრს!
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კინემატოგრაფიის მუშაკებმა გამოაქვეყნეს.
ერთ თვეზე მეტია, კინოცენტრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან აქციებს მართავენ. პროტესტი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ცენტრის ხელმძღვანელად დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თანამშრომლის კობა ხუბუნაიას დანიშვნას მოჰყვა. კინოს სფეროს მოღვაწეები ამბობენ, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობას ბოლო მოეღო და სახელმწიფო ცენზურას დაუწესებს მისთვის მიუღებელ ფილმებს.