უცხოური ფილმებიდან ბევრს გაუგია სკაუტების შესახებ, თუმცა სკაუტური ორგანიზაცია რომ საქართველოში 1994 წლიდან არსებობს, ეს მათთვის ალბათ სიახლეა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვების უმრავლესობა ბორჯომის ხეობის სკაუტურ ბანაკში, პირველად არიან. სხვა ახალგაზრდული ბანაკებისგან აქ ბევრი უცხო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია.
ახალგაზრდების უმრავლესობა კარავში პირველად ცხოვრობს და დამოუკიდებელ ცხოვრებას ეჩვევიან. მართალია, ისინი ჯერ არ არიან სკაუტები, თუმცა ყველა მათგანს შეუძლია გახდეს ამ გუნდის ნაწილი. სკაუტურ ბანაკებში გუნდებს სხვადასხვა ფერის მაისურებით გამოარჩევთ. ლიდერი სკაუტები ყელსახვევით და იასამნისფერი მაისურებით არიან. ისინი ბავშვებს სხვადასხვა აქტივობების შესრულებაში ეხმარებიან.
ბანაკის წევრებმა ჯომარდობაშიც გამოცადეს საკუთარი ძალები. რა არის სკაუტინგი? ეს არის სწავლება მაგალითით, ლიდერი სკაუტები მომავალ სკაუტებს თვითგანვითარებაში ეხმარებიან, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში, უნარ-ჩვევების განვითარებაში.
სკაუტურ ბანაკებში ახალგაზრდები ახალი მეგობრებს იძენენ, მონაწილეობენ უამრავ თავგადასავლებში, ცხოვრობენ ბუნებაში და უფრთხილდებიან გარემოს. მსოფლიოში სკაუტური მოძრაობის ისტორია 1907 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად მსოფლიოს 164 ქვეყანაში 40 მილიონ სკაუტს აერთიანებს.
ყელსახვევიანი სკაუტები დასავლური კულტურის ნაწილიც გახდა. თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და გარემოზე ზრუნვა ეს ის ძირითადი ღირებულებებია რომელიც მსოფლიოს სკაუტებს აერთიანებს. ერთ კვირიანი სკაუტური ცხოვრების შემდეგ ახალგაზრდები სკაუტური ბანაკს დატოვებენ. მაგრამ მუდამ ემახსოვრებათ ბორჯომის ხეობაში გატარებული დღეები.
გიორგი თუხარელი