უკრაინელი დენის აბდულინი ომში დაჭრილი ჯარისკაცია. ის ახლა პირველად გადაადგილდება ქუჩაში დამოუკიდებლად მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომში მხედველობა დაკარგა.
600 მეტრის გავლა შეძლო, წინ დამხმარე მიჰყვებოდა, რომელსაც ხმოვანი ზარი ეკეთა.
მსგავსი გამოწვევის წინაშე სხვა ჯარისკაცებიც არიან, რეაბილიტაციის ცენტრში კიდევ ხუთი ყოფილი უკრაინელი სამხედროა, რომლებმაც ბრძოლის დროს მხედველობა დაკარგეს.
რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმეკვირიანია, მის ფარგლებში ყოფილი მებრძოლები სწავლობენ, როგორ გადაადგილდნენ ქალაქ რივნეში, როგორ მოამზადონ კერძები და გამოიყენონ საჯარო ტრანსპორტი.
ყოველდღიური საქმეები, რასაც ადრე დაუფიქრებლად აკეთებდნენ, ახლა დიდ შრომას მოითხოვს.
რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს წამოწყებულ ომს ათეულობით ათასი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ორივე მხარეს.
ბევრად მეტი კი დაშავდა, როგორც სამხედრო პირები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა და მოხალისეები. მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
“ჩემს უკან დაახლოებით 4-5 მეტრის დაშორებით აფეთქდა ნაღმი. ხუთნი ვიყავით. გონება არ დამიკარგავს, ყველაფერი მახსოვს. მახსოვს როგორ შემათრიეს სარდაფში. აფეთქებისას თავში მომხვდა რაღაც, დიდი ნათება იყო, თითქოს ნაპერწკალი ვიგრძენი. მივხვდი, რომ თვალები აღარ მქონდა”, — ამბობს დენის აბდულინი.
“აფეთქება იყო. მაშინვე დავკარგე მხედველობა. აფეთქებამ უკან გადამაგდო. მეგონა ვკვდებოდი, ორი წუთი ძირს ვეგდე. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს მიტოვებას არ აპირებდნენ. შეუძლებელი არაფერია, არის მხოლოდ სიზარმაზე, ან სურვილის უქონლობა. ამიტომ უნდა ადგე, თავი ხელში აიყვანო და საკუთარ თავზე იმუშაოს”, — ამბობს ივა სოროკა.
ოლესია პერეპეჩენკო იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომელიც რეაბილიტაციის პროგრამებს აწყობს. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რამდენმა ჯარისკაცმა დაკარგა მხედველობა ომის შედეგად. თუმცა, ომის დაწყებიდან თითქმის წლინახევრის შემდეგ, პროგრამაზე მოთხოვნა იზრდება.
დენის აბდულინი ომში მოხალისეობრივად წავიდა, როდესაც მის ქვეყანას რუსეთი დაესხა თავს, 18 თვის წინ. აბდულინს მკურნალობისთვის ერთი წელი დასჭირდა, მას ყბა ჰქონდა ჩამსხვრეული, ამან დაუზიანა მხედველობაც, აქვს სუნთქვისა და წონასწორობის შენარჩუნების პრობლემებიც. მისი ცოლი, ოლესია აბდულინა, მის ორ შვილთან ერთად ლიეტუვიდან დაბრუნდა, გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ომს თავს იქ აფარებდნენ. როდესაც დენისი ფიზიოთერაპიის კურსებზე დადის, ოლესია და დაჭრილ მებრძოლთა ცოლები ცალკე ტრენინგს გადიან, თუ როგორ უნდა დაეხმარონ პარტნიორებს. ერთ-ერთი ასეთი კურსის დროს, ოლესიას თვალები აუკრეს და გრძელი ჯოხი მისცეს. ამ დავალების მიზანია, დაეხმაროს მათ უკეთ გაიგონ, რა საჭიროებები და გამოწვევები აქვთ მათ გამოწვევებს.
რეაბილიტაციის მომდევნო კურსის მოლოდინის რიგში უკვე 30 ადამიანია ჩაწერილი. კურსის მთავარი სირთულე დაფინანსებაა. თითოეული პროგრამა დაახლოებით 15 000 ევრო ჯდება.
რეაბილიტაციის პროცესში ყოფილი ჯარისკაცები სწავლობენ იმ უნარებს, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის სჭირდებათ, გარდა ამისა, იძენენ ახალ მეგობრებსა და წრეს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.