მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სამხედრო კომისარი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით ყველა სამხედრო კომისარი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თანამდებობიდან ათავისუფლებს სამხედრო გაწვევის პუნქტების ყველა ხელმძღვანელს. მისი თქმით, მიზეზი სისტემაში არსებული მასშტაბური კორუფციული შემთხვევებია.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს, 11 აგვისტოს გამართა ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ტერიტორიული სამხედრო გაწვევის პუნქტების თანამდებობის პირების მიმართ სულ სისხლის სამართლის 112 საქმეა აღძრული, ეჭვმიტანილია 33 თანამდებობის პირი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით გათავისუფლებული კომისრების ნაცვლად ამ თანამდებობებზე დაინიშნებიან ისეთი პირები, რომლებიც ომობდნენ და ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ ფრონტის ხაზზე ყოფნა.

“ახლახან ჩავატარე ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომა. მთავარი საკითხი სამხედრო კომისრების მიმართ არსებული კითხვები იყო. ტერიტორიული სამხედრო გაწვევის პუნქტების თანამდებობის პირების მიმართ სულ  სისხლის სამართლის 112 საქმეა აღძრული. 33 ეჭვმიტანილია, მათ შორის საოლქო, ქალაქის და რაიონული სამხედრო კომისრები. სამხედრო-სამედიცინო კომისიის  თანამშრომლები და სხვა ჩინოვნიკები. თანამდებობებს ბოროტად იყენებდნენ სხვადასხვა რეგიონში: დონეცკში, პოლტავაში, ვინნიცაში, ოდესაში, კიევსა და ლვივში. ვიღაც ნაღდ ფულს იღებდა, ვიღაც კრიპტოვალუტას სულ ეს არის მთელი სხვაობა. ცინიზმი ყველგან ერთნაირია. უკანონო გამდიდრება, უკანონოდ მოპოვებული სახსრების ლეგალიზაცია, წვევამდელების უკანონო გადაყვანა საზღვარზე.

მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. თანამდებობიდან ვათავისუფლებთ ყველა რაიონულ სამხედრო კომისარს. ეს სისტემა ისეთმა ადამიანებმა უნდა მართონ, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და ომის დროს ქრთამის აღება რატომ წარმოადგენს ღალატს. ამათ ნაცვლად, მებრძოლებს, რომლებმაც გამოიარეს ომი და ახლა არ შეუძლიათ სანგრებში ყოფნა, რადგან დაიზიანეს ჯანმრთელობა, დაკარგეს კიდურები, მაგრამ შეინარჩუნეს ღირსება შეიძლება ჩავაბაროთ გაწვევის ეს სისტემა. ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს მთავარსარდალმა ზალუჟნიმ. ტერიტორიული გაწვევის პუნქტების ახალი ხელმძღვანელები, თანამდებობაზე დანიშვნამდე გაივლიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შემოწმებას. ყველა კომისარი რომლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend